
36 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. ამ დღეს რუსულმა ჯარმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები სასტიკად დაარბია.
დარბევის შედეგად 21 მოქალაქე გარდაიცვალა.
1989 წლის აპრილის მოვლენების გახსენება 9 აპრილის აქციის მონაწილეს, ნიკუშა მაღრაძეს ვთხოვეთ.
„საქართველოში ანტისაბჭოთა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა 1988 წლის ნოემბერში გააქტიურდა, – იხსენებს ნიკუშა მაღრაძე, – „გეპეის“, ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი ვიყავი და პარალელურად თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანაში ვმუშაობდი.
1988 წლის ნოემბერში მთავრობის სახლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ოცამდე ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო. 23 ნოემბერს შიმშილობის აქციას ჩემს მეგობართან ერთად შევუერთდი. იმ დღიდან საპროტესტო აქციებში ჩავერთე. ასე რომ, პირველ მოშიმშილეთა შორის ვიყავი.
ქუჩაში მასობრივი აქციები 1989 აპრილის პირველივე დღეებიდან დაიწყო. დემონსტრანტებს საოცარი სულისკვეთება გვქონდა – თუ ოდესმე ქართველად მიგრძნია თავი, სულიერად დამშვიდებული და ამაყი ვყოფილვარ, ეს 1989 წლის აპრილის დღეებში იყო. ვიბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და სულ სხვა ქვეყანას ვხედავდით. ენით უთქმელი თანადგომა, მომავლის რწმენა გვაძლიერებდა.
საავიაციო ქარხანის თანამშრომლები გაფიცვებში აქტიურად ჩავერთეთ. ქუჩის აქციებისთვის დამოუკიდებელი საქართველოს სამფეროვანი 400-ზე მეტი დროშა ჩვენს ქარხანაში შეიკერა. ახალგაზრდებს გვერდით რამდენიმე უფროსი გვედგა. ქარხანაში გაფიცვა რომ გამოვაცხადეთ, დირექტორის მოადგილე მხარს გვიჭერდა.
9 აპრილს, გამთენიისას, რა თქმა უნდა, აქციაზე ვიყავი. იმ დილის გახსენება ჩემთვის ძალიან რთულია. რუსის ჯარმა სასტიკად დაგვარბია, რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაფერი დალეწეს.
რამდენიმე ადამიანთან ერთად მხატვრის სახლიდან, საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან, სადარბაზო ებიდან დაჭრილი, მხუთავი აირით მოწამლული ადამიანები გამოგვყავდა და სასწრაფო დახმარების მანქანებში ვსვამდით.
შიშის გრძნობა გამიქრა და დაუმორჩილებლობის სურვილმა შემიპყრო. ვფიქრობ, ყველა ასე იყო. 9 აპრილის შემდეგ გამოცხადებულ კომენდანტის საათს არ ვემორჩილებოდით და თბილისის ქუჩებში პარტიზანებივით დავდიოდით. ეს საშიში იყო.
ერთხელ, დიდუბეში ღამით რუსი ჯარისკაცები გამოგვეკიდნენ. ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში შევვარდით. კარზე დავაკაკუნეთ თუ არა, მაშინვე გაგვიღეს. იმ პერიოდში ქართველებს შორის იყო საოცარი ერთობა – ერი და ბერი ერთად ვიდექით.
საქართველოს ისტორიაში ასეთი ერთობის მაგალითი იშვიათია. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წლები ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდად მიმაჩნია. ის ერთსულოვანი საქართველო მენატრება.
ხარაგაულელებს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ყოველთვის ჩვენი წვლილი შეგვქონდა და შეგვაქვს. ასე იყო 1989 წლის აპრილის მოვლენების დროსაც. აპრილის დემონსტრაციებში საკმაოდ ბევრი ხარაგაულელი მონაწილეობდა.
შემდეგ ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილი საქართველოს დამოუ კიდებლობის დღედ გამოაცხადა. იმ დარბაზში მაშინ მე და ნოდარ ებანოიძე ვიმყოფებოდით.
შემდეგ ყველაფერი აირია. პარტიების გადაჯგუფება-გადმოჯგუფება დაიწყო. კანონიერი ხელისუფლება ძალის გამოყენებით დაამხეს.
ახლა საკმაოდ გაურკვეველ სიტუაციაში ვართ. ზოგი საბჭოთა წარსულს ისევ მისტირის და ამბობს, რომ იმ დროს კარგად ვცხოვრობდით, ყველაფერი იაფი ღირდაო. მართალია, მატერიალურად არ გვიჭირდა, მაგრამ ქვეყანაში არ იყო ყველაზე მთავარი – თავისუფლება და დემოკრატია.
1989 წლის შემდეგ ყოველთვის, 9 აპრილს, გამთენიისას, დილის 4-5 საათზე 9 აპრილის სახელობის სკვერში მივდივარ. სანთელს ვანთებ, ცოტა ხნით ჩამოვჯდები და სახლში ვბრუნდები.
იმედი მაქვს, 9 აპრილს დაღუპული გმირების სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის. საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღი იქნება მანამ, სანამ საქართველო იარსებებს.
ნინო კაპანაძე
პარკების მწარმოებელი კომპანიები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული
წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი
14 აპრილი ქართული ენის დაცვის, დედა ენის დღეა.
12-14 აპრილს თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით