მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა წლების განმავლობაში კიცხის საშუალო სკოლა-ინტერნატის წარმატებული დირექტორი და ღვაწლმოსილი პედაგოგი, მრავალი თაობის აღმზრდელი, ბატონი აკაკი ჩხიკვაძე.

ბატონი აკაკის ამაგი შეუფასებელია, ღვაწლი – უდიდესი. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.

არიან ადამიანები, რომელთა არსებობა სანთელივით უნათებს წყვდიადს მათ, ვინც მის კვალს მიჰყვებიან. სწორედ ასეთად წარმოგვიდგენია თქვენი სიცოცხლე და ღორსეულად განვლილი ცხოვრების გზა, ბატონო აკაკი.

თქვენ მოიტანეთ პირველი ცვლილებები კიცხის საშუალო სკოლა-ინტერნატში 1974 წელს. თქვენი მხნეობითა და ორგანიზატორული უნარით, მუხლჩაუხრელი მუშაობითა და საქმისადმი ერთგულებით, უდიდესი პასუხისმგებლობით უფრო მეტად წარმატებული გახდა სკოლა-ინტერნატი.

თქვენი პედაგოგიური საქმიანობა და ისტორიის გაკვეთილები დაუვიწყარია თქვენი მოსწავლეებისთვის, ვისთვისაც გისწავლებიათ მსოფლიოს თუ საკუთარი ქვეყნის ისტორია. უბადლო ხელმძღვანელი, მეგობარი და თანამშრომელი იყავით.

ქართული სუფრა აკადემიააო, – ამბობენ და თქვენ ამ აკადემიის აკადემიკოსი ბრძანდებოდით – უბადლო თამადა. ჭირსა და ლხინში განსაკუთრებული თანადგომა იცოდით, ავისა და კარგის შემფასებელი და დამფასებელი, კარგი „მოძღვარი“ ბრძანდებოდით.

თქვენ იყავით ღირსეული მეუღლე, მამა და ბაბუა საამაყო და სასახელო ოჯახისა. ტკივილიანი გულით მიდიხართ იმქვეყნად – თქვენი საფიცარი უფროსი ქალიშვილის გარდაცვალებით გულდამძიმებული. დიდი ავტორიტეტი და სახელი დატოვეთ ამქვეყნად.

თქვენივე სიტყვებით გემშვიდობებით – „ქაღალდისაგან ფერფლი რჩება და ადამიანისგან სახელი.“ აკაკი ჩხიკვაძის ცხოვრებიდან ნამდვილად რჩება სახელი. მშვიდობით, ბატონო აკაკი.

ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის კოლექტივი