

პირის ღრუსა და კბილების ჰიგიენაზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოვეწლიურად 20 მარტს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ჯანსაღი კბილების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა.
ამ დღესთან დაკავშირებით ვესაუბრებით ექიმ-სტომატოლოგ სოფო ხიჯაკაძეს.
ქალბატონი სოფო თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგია, 1999-2016 წლებში მუშაობდა სტომატოლოგად. ამჟამად მუშაობს ხარაგაულის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში სოციალური მუშაკის პოზიციაზე და ასევე ლაშის საჯარო სკოლაში სპეციალურ პედაგოგად.
– ქალბატონო სოფო, რა ასაკიდან და როგორ უნდა დავიწყოთ პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა?
– პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა იმაზე ბევრად ადრე უნდა დავიწყოთ, ვიდრე ბავშვს პირველი კბილი ამოუვა, – რბილი, სველი ნაჭრით ღრძილების გაწმენდით. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მომავალი კბილების ჯანმრთელობისთვის, არამედ სწორი ჩვევების ჩამოსაყალიბებლადაც.
– რატომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა?
– პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ თეთრი კბილები და სასიამოვნო სუნთქვა. ეს არის თქვენი ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. პირის ღრუ არის „ჭიშკარი“ თქვენს ორგანიზმში. თუ ამ ჭიშკარს ბაქტერიებისგან არ დაიცავთ, საფრთხე მთელ სხეულს შეექმნება.
– პროფილაქტიკის მიზნით, რა პერიოდულობით უნდა მივმართოთ სტომატოლოგს?
– სტანდარტული პროფილაქტიკური შემოწმება და პროფესიული ჰიგიენა (წმენდა) სასურველია ჩატარდეს წელიწადში 2-ჯერ.
– ბაზარზე არსებული პირის ღრუს მოვლის საშუალებების შეძენისას, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
– პროდუქტი უნდა შეარჩიოთ არა რეკლამის, არამედ თქვენი საჭიროებების მიხედვით. კბილის ჯაგრისი არის მთავარი „იარაღი“ კბილის ნადებთან ბრძოლაში. შეარჩიეთ პატარა ან საშუალო ზომის თავიანი ჯაგრისი. ის უფრო ადვილად აღწევს რთულად მისადგომ ადგილებში. რაც შეეხება ჯაგრულების სიხისტეს, Soft (რბილი) ჯაგრულები რეკომენდებულია ადამიანების უმეტესობისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც მგრძნობიარე ღრძილები ან მინანქარი აქვს; Medium (საშუალო) ჯაგრულები – სტანდარტული არჩევანია ჯანსაღი პირის ღრუსთვის; Hard (ხისტი) ჯაგრულები კი გამოიყენება მხოლოდ სპეციალური ჩვენებით (მაგალითად, პროთეზების გასაწმენდად). ხისტმა ჯაგრისმა შეიძლება დააზიანოს ღრძილი და გამოიწვიოს მინანქრის ცვეთა. კბილის ჯაგრისის სახელური არ უნდა სრიალებდეს ხელში, რათა მოძრაობები კარგად გააკონტროლოთ.
კბილის პასტის შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი მისი შემადგენლობაა. ფტორიდები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი კარიესის პრევენციისთვის. მოზრდილებისთვის რეკომენდებული კონცენტრაციაა 1350-1500 ppm.
აბრაზიულობის ინდექსი (RDA) მიგვანიშნებს, რამდენად „ხეხავს“ პასტა კბილს. თუ მგრძნობიარე კბილები გაქვთ, ეძებეთ დაბალი RDA (20-50). მათეთრებელ პასტებს ხშირად მაღალი RDA აქვთ, რაც ხანგრძლივად, ყოველდღიური გამოყენებისთვის არაა რეკომენდებული.
ჯაგრისი კბილის ზედაპირის მხოლოდ 60%-ს ასუფთავებს. სრულყოფილი ჰიგიენისთვის დაგჭირდებათ კბილის ძაფი (ფლოსი) – კბილებს შორის სივრცეების გასაწმენდად და ენის საწმენდი – ბაქტერიების დიდი ნაწილი სწორედ ენაზე გროვდება, რაც უსიამოვნო სუნს იწვევს.
პირის ღრუში უსიამოვნო სუნის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი „უხილავი“ მიზეზი ასევე არის ნუშურა ჯირკვლების ჩაღრმავებებში დაგროვებული მკვდარი უჯრედები და საკვები, რომლებიც მყარდება და თეთრ, უსიამოვნო სუნის მქონე მასებად – ტონზილოლითებად (ქვებად) იქცევა.
თუ სტომატოლოგიური მხარე იდეალურია, პურის ღრუდან სუნის მიზეზი შეიძლება იყოს:
რეფლუქსი – კუჭის მჟავის ამოტყორცნა საყლაპავში; ჰაიმორიტი და სინუსიტი: ცხვირ-ხახაში დაგროვილი ლორწო, რომელიც ყელში ჩაედინება. ასევე დაბალნახშირწყლოვანი (კეტო) დიეტის დროს ორგანიზმი გამოყოფს კეტონებს, რომელთაც სპეციფიკური, აცეტონისებრი სუნი აქვთ.
– როგორ დავიცვათ თავი პირის ღრუს დაავადებებისგან?
– პირის ღრუს დაავადებები ხშირად უსიმპტომოდ იწყება, ამიტომ მათი ამოცნობა ადრეულ ეტაპზე გადამწყვეტია. ყველაზე გავრცელებული პრობლემაა კარიესი (კბილის დაშლა) -ბაქტერიები საკვების ნარჩენებს (განსაკუთრებით შაქარს) მჟავად აქცევენ, რაც კბილის მინანქარს ხვრეტს.
კარიესისგან თავის დასაცავად უნდა გამოვიყენოთ ფტორირებული კბილის პასტა და შევამციროთ ტკბილი, წებოვანი საკვების მიღება კვებათა შორის.
ასევე გავრცელებული ღრძილების დაავადებები გინგივიტი და პერიოდონტიტი. თუ კბილების ხეხვისას ღრძილებიდან სისხლი მოგდით, ეს გინგივიტის ნიშანია. მკურნალობის გარეშე ის გადადის პერიოდონტიტში, – ზიანდება ძვალი და კბილები იწყებს მორყევას. ამ დაავადებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კბილის ძაფის (ფლოსის) ყოველდღიური გამოყენება, რადგან ჯაგრისი ღრძილის ქვეშ და კბილებს შორის ვერ აღწევს.
– ადამიანთა ჯგუფის რწმენით, ფეხმძიმე ქალის სტომატოლოგიური მკურნალობა საფრთხის შემცველია. სტომატოლოგიასთან დაკავშირებული სხვა მითები თუ გსმენიათ და რას უპასუხებთ ამ მითებთან დაკავშირებით.
– ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მყარი და სახიფათო მითია. რეალობა კი ისაა, რომ ორსულობისას პირის ღრუს ჰიგიენა ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ჰორმონალური ცვლილებები ღრძილებს უფრო მოწყვლადს ხდის ანთების მიმართ. დაუმუშავებელი ინფექცია პირის ღრუში ბევრად უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ნაყოფს, ვიდრე სტომატოლოგიური ჩარევა.
– პირის ღრუს ჯანმრთელობა, – განსაკუთრებით ბავშვებში, – რამდენად არის დაკავშირებული საკვებთან და როგორ?
– კვება და პირის ღრუს ჯანმრთელობა განუყოფელი ცნებებია. ბავშვებში ეს კავშირი კიდევ უფრო მჭიდროა, რადგან მათი კბილის მინანქარი თხელი და ფოროვანია, რაც მას ბაქტერიების მიმართ მოწყვლადს ხდის. ბაქტერიები, რომლებიც პირის ღრუში ბინადრობენ, იკვებებიან შაქრით. ამ პროცესში ისინი გამოყოფენ მჟავას, რომელიც პირდაპირ ესხმის თავს მინანქარს.
წებოვანი ტკბილეული: ჟელიბონები, ირისები და ჩირიც კი (რომელიც ჯანსაღად მიიჩნევა) დიდხანს რჩება კბილის ზედაპირსა და ნაპრალებში, რაც ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს.
ტკბილი სასმელები: წვენები და გაზიანი სასმელები არა მხოლოდ შაქარს, არამედ მჟავებსაც შეიცავს, რაც მინანქრის ეროზიას იწვევს.
კვების სიხშირე – უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა! ეს არის ოქროს წესი, რომელიც ბევრმა მშობელმა არ იცის. ვთქვათ, თუ ბავშვი ერთბაშად შეჭამს ხუთ კანფეტს, ეს კბილებისთვის ნაკლებად საზიანოა, ვიდრე ერთი კანფეტის წუწნა ან ტკბილი წვენის ნელ-ნელა სმა მთელი დღის განმავლობაში.
ყოველი ჭამის შემდეგ პირის ღრუში მჟავიანობა იმატებს. ნერწყვს სჭირდება დაახლოებით 20-30 წუთი, რომ ეს მჟავა გაანეიტრალოს. თუ ბავშვი მუდმივად რაღაცას ღეჭავს (ე.წ. „წახემსებები“), პირის ღრუში მუდმივად მჟავე გარემოა და მინანქარი აღდგენას ვერ ასწრებს.
ზოგიერთი საკვები პირიქით, ეხმარება კბილებს სიჯანსაღის შენარჩუნებაში:
ხისტი ხილი და ბოსტნეული: ვაშლი, სტაფილო და კიტრი მოქმედებს როგორც „ბუნებრივი ჯაგრისი“ – ღეჭვისას ისინი მექანიკურად ასუფთავებენ კბილის ზედაპირს და ასტიმულირებენ ნერწყვის გამოყოფას.
რძის პროდუქტები: ყველი, ხაჭო და იოგურტი მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით, რაც აუცილებელია მინანქრის აღდგენისთვის.
წყალი: სუფთა წყალი საუკეთესო სასმელია. ის რეცხავს საკვების ნარჩენებს და არ ცვლის პირის ღრუს მჟავიანობას.
რჩევები მშობლებისთვის: მიაჩვიეთ ბავშვი, რომ წყურვილი მხოლოდ წყლით მოიკლას. წვენი ან კომპოტი მიეცით მხოლოდ ძირითადი კვების დროს. სჯობს დააწესოთ კვირაში ერთი დღე ტკბილეულისთვის, ვიდრე ყოველდღე მცირე დოზებით მისცეთ. თუ ბავშვმა ტკბილეული მიირთვა და კბილების გამოხეხვის საშუალება არ გაქვთ, ასწავლეთ პირში წყლის გამოვლება. ეს საგრძნობლად შეამცირებს მჟავას კონცენტრაციას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თამთა გოგოლაძე
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების