ზუსტად საუკუნის წინ, 1925 წლის 27 იანვარს, ნინოობას, ხარაგაულის რაიონის სოფელ დეისში, იასონ და მარიამ ფოცხვერაშვილების ოჯახში მეშვიდე ქალიშვილი – ნინო დაიბადა.

ბედნიერ მამას ნინოს დაბადება სადღესასწაულო სუფრით აღუნიშნავს.

დღეს ნინო ფოცხვერაშვილი-ცუცქირიძე ასი წლის იუბილეს შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების გარემოცვაში ზეიმობს.

„სანათესაოში ნაბოლარა ვიყავი და ამიტომ ყველა „პატარა ნინოს“ მეძახდა, – იხსენებს იუბილარი ნინო ფოცხვერაშვილი, – ოჯახის წევრები მანებივრებდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 11 წლის ასაკში დედა გარდამეცვალა. მაშინ ჩემი უფროსი და 24 წლისა იყო. დებმა გამზარდეს.

ნიჭიერი ვიყავი და სწავლა ძალიან მაინტერესებდა. მოლითის საშუალო სკოლა 1942 წელს წარჩინებით დავამთავრე. სამი წლის განმავლობაში ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ მიმიღებდნენ, მაგრამ ომიანობა იყო, ჩემი დების მეუღლეები ომში იბრძოდნენ და მათ ოჯახებზეც უნდა გვეზრუნა. მამას და დებს გვერდით დავუდექი და უმაღლესი განათლება ვეღარ მივიღე.

სამი წელი მოლითის კოლმეურნეობაში ვიმუშავე, შემდეგ – ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის სკოლაში საქმის მწარმოებლად და ბიბლიოთეკარად. 1949 წლის მაისიდან, 40 წლის განმავლობაში, დეისის სოფლის ბიბლიოთეკარი ვიყავი. „საქართველოს საპატიო ბიბლიოთეკარის“ წოდებით დამაჯილდოვეს. 1989 წლიდან ოჯახში ვსაქმიანობ“.

ნინო ფოცხვერაშვილს ცხოვრების გზაზე ბევრი საინტერესო ადამიანი შეხვდა. დიდი პატივისცემით იხსენებს მინაგო კიკნაძეს, დათიკო ორთოიძეს, სიმონ და ნიკალა კიკნაძეებს, მიშა მჭედლიძეს, ანდრო ნადირაძეს, სერგო კაკიაშვილს, პავლე არევაძეს, პავლე ფურცელაძეს, შოთა რობაქიძეს, ლილი ბაქრაძეს.

ნინო ფოცხვერაშვილმა ოჯახი დეისელ ნიკოლოზ ცუცქირიძესთან შექმნა. „მე და კოლია 1951 წლის ნოემბერში დავქორწინდით, – გვიამბობს ნინო ბებო, – შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ, – საკუთარი ხელით ავაშენეთ სახლი, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი აღვზარდეთ, შვილებს უმაღლესი განათლება მივაღებინეთ. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, დედა რომ გავხდი…

ჩემი მეუღლე ხარაგაულის რაიაღმასკომში ინსპექტორად მუშაობდა, შემდეგ „ატეკაში“ – დისპეჩერად. აკაკი მაჭავარიანი იყო მაშინ „ატეკის“ უფროსი. ჩვენი ოჯახი ძალიან უყვარდა. აკაკი საკრებულოს თავმჯდომარედ რომ აირჩიეს, დამირეკა, ნინო დეიდა, ხომ იცი, ძალიან გაფასებთ და რით შემიძლია დაგეხმაროთო. მისი ძალიან მადლობელი ვარ.

ჩემს მეუღლეს „ბუნჩულა კაცს“ ეძახდნენ. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება იყო. სულ გვერდით მედგა და საქმიანობაში ხელს მიწყობდა. მისი თანადგომით შევძელი, რომ „საუკეთესო ბიბლიოთეკარის“ წოდება მომეპოვებინა, ოჯახსაც კარგად გავძღოლოდი და სანათესაოშიც კარგი სახელი მქონოდა. მოსიყვარულე, მზრუნველი მამა და ბაბუა – ასე ახსოვთ შვილებსა და შვილიშვილებს ჩემი კოლია. 32 წლის წინ გარდაიცვალა. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მე და ჩემმა მეუღლემ შვილებს სიყვარული და ურთიერთთანადგომა ვასწავლეთ და ამით ძალიან ვამაყობ“.

ბიბლიოთეკარს წიგნი და კითხვა რომ ჰყვარებოდა, ამაში გასაკვირი არაფერია. ნინო ფოცხვერაშვილს განსაკურებით საგამოძიებო ლიტერატურა აინტერესებდა. ნინო ბებოს საყვარელი მწერალი ართურ კონან დოილი და მისი „შერლოკ ჰოლმსია“. ხშირად კითხულობდა „გამომძიებლის ჩანაწერებს“. საიდუმლოებით მოცული ამბების კითხვა მიტაცებდაო, – ამბობს.

„ბიბლიოთეკას ყველაზე ხშირად ახალგაზრდები სტუმრობდნენ, – გვიამბობს ნინო ბებო, – ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ძალიან კარგები იყვნენ, ურთიერთგატანა, მეგობრობა იცოდნენ. თუმცა, ისეთი განვითარებულები არ იყვნენ, როგორც თანამედროვე ახალგაზრდები არიან. მაშინ უფრო მეტად „ჩარჩოებში“ იყვნენ მოქცეულები.

ახლა რომ ვუყურებ მომავალ თაობას, გული სიხარულით მევსება – ძალიან თავისუფლები, ლაღები და გონიერები არიან“.

რა არის თქვენი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო და რა არის ცხოვრებაში მთავარი? – ამ შეკითხვაზე ასი წლის ნინო ბებო გვპასუხობს, რომ მთავარია, იყო კეთილი და არავისი არაფერი შეგშურდეს, გაჭირვებულს დაეხმარო, ადამიანების ჭირი და ლხინი გაიზიარო.

„ფეისბუქზე რომ წერენ ჩემზე შვილიშვილები, დეისის ყოფილი ბიბლიოთეკის მკითხველები მეხმაურებიან და ტკბილად მიხსენებენ. ეს ძალიან მახარებს, – ამბობს ნინო ბებო, – მამამ გვასწავლა, საკუთარი გაჭირვება ბევრს არ მოუყვეთ, რადგან მტერს გაეხარდება, მოყვარეს გული ჩაეთუთქება, მაგრამ შენ რომ გჭირდება, ისე მაინც ვერ მოგეხმარებაო. ახლაც ყურში ჩამესმის მამაჩემის სიტყვები – სახელი არ გაიტეხოთ, თორემ მერე კაპიკია თქვენი ფასიო.

როგორ ვიცოცხლე ამდენი წელი? რა გითხრათ, აბა. ძალიან შრომისმოყვარე ვიყავი და უსაქმოდ ვერც ახლა ვჩერდები. დეისში ორ ძროხას ვწველი, მყავს ქათმები, ზაფხულზე კიტრი, პომიდორი და მწვანილი მომყავს. აბა, ამისთვის მეზობლებს ხომ არ შევაწუხებ?! მჭადსაც ვაცხობ, პურსაც და ხაჭაპურსაც. უქმად ყოფნა არ შემიძლია. შეიძლება ცუდად ვიყო, მაგრამ საღამოს ძროხის მოწველის დრო რომ ახლოვდება, კარგად ვხდები.

მათემატიკა მიყვარდა ძალიან. მათემატიკა კი გონებას ავარჯიშებს. ამიტომ მეხსიერებაც კარგი მაქვს.

…ყველაფერი მაინტერესებს, ყველა საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებ. ახალგაზრდების ბრძოლა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ამდენი ხანია ქუჩაში დგანან და ყველაფერს გაუძლეს. ახლა თავს აღარ დაანებებენ. ახალგაზრდები იცავენ მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას, ითხოვენ ევროკავშირში და ნატოში შესვლას. დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისში რომ ვიყო, აქციებზე აუცილებლად ვივლიდი.

ახლა ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში ჩამოვედი. უფროს ქალიშვილთან ოჯახურ წრეში აღვნიშნავთ ჩემი ასი წლის იუბილეს. დეისში ჩამოსვლას ყველა ვერ ახერხებდა, ამიტომ ვიფიქრე, რომ ჩემი თბილისში ჩამოსვლა ჯობდა.

მადლობას ვუხდი უფალს, ამდენი წელი რომ მაჩუქა. სამი ძალიან კარგი შვილი, შვიდი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი მყავს. ყოველდღე მათი ბედნიერებისთვის ვლოცულობ“.

ასი წლის იუბილეს და ნინოობას ვულოცავთ ქალბატონ ნინო ფოცხვერაშვილ-ცუცქირიძეს.

თავისუფალ და გაძლიერებულ საქართველოში ცხოვრებას მოსწრებოდეს.

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: ასი წლის ნინო ფოცხვერაშვილი-ცუცქირიძე; ასი წლის ნინო ბებო შვილთან, მერაბ ცუცქირიძესთან, რძალ მარინე ვაჭარაძესთან და შვილიშვილ ნიკოლოზ ცუცქირიძესთან ერთად