ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია ჩინეთში ადამიანის მეტაპნევმოვირუსის (hMPV) შემთხვევების დაფიქსირების შესახებ.

hMPV არ არის ახალი ვირუსი, ის აღმოაჩინეს 2001 წელს და საკმაოდ ხშირად გვხვდება რესპირატორული სიმპტომების მქონე ადამიანებში. ზოგიერთ შემთხვევაში ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს ბრონქიტი და პნევმონია, განსაკუთრებით ბავშვებში და ქრონიკული დაავადებების მქონეებში, თუმცა უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს (სურდო, ხველა და სხვა რესპირატორული სიმპტომები).

რაც შეეხება ჩინეთს, ამ მომენტისთვის ოფიციალური მონაცემებით შემთხვევების რაოდენობა მომატებულია, თუმცა არ აღემატება სხვა წლებში დაფიქსირებულ შემთხვევათა რაოდენობას. მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტლებში მიმართვიანობაც არ არის განსაკუთრებულად მაღალი.

თუმცა ვინაიდან კოვიდის პანდემიის გარიჟრაჟზე ჩინეთის ოფიციალური წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია არც თუ ისე სანდო აღმოჩნდა, ზოგიერთები მაინც შიშობენ, რომ შესაძლებელია ადგილი ქონდეს ეპიდაფეთქებას.

ჯანმო აცხადებს, რომ მუდმივ კომუნიკაციაშია ჩინეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებებთან და ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს.

აქვე დავამატებ, რომ აშშ მონაცემების მიხედვით, ბოლო დღეებში მწვავე რესპირატორული ინფექციების 19% მოდის გრიპის ვირუსზე, 7.1% კორონავირუსზე და 1.94% მეტაპნევმოვირუსზე.

ამ გაგანია გრიპის სეზონზე, როცა უამრავ ადამიანს აქვს უკვე ვირუსი, თავშეყრის ადგილებზე (აქციებზე) სამედიცინო ნიღბის შეზღუდვა არის აბსოლუტურად დაუშვებელი. თუ კოვიდის დროს ნიღბის გარეშე გარეთ ყოფნის გამო აჯარიმებდნენ ადამიანებს, ახლა რესპირატორული ვირუსების პიკის პერიოდში, მათ შორის იგივე კორონავირუსისაც, ნიღბის ტარებისთვის ჯარიმა წარმოუდგენელი ამბავია. იმ კანონში სამედიცინო ნიღბებზე გამონაკლისი მაინც ხომ უნდა ჩაწერილიყო.

მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი