მეც მინდა გამოვეხმაურო საკითხს, რა გავლენის მატარებელი იყო რუსეთთან ომში ჩართვის შიში საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური არჩევანისთვის. ცოტა გრძელი პოსტია, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის, – წერს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე იაგო კაჭკაჭიშვილი.

რასაც ქვემოთ დავწერ, ეყდნობა სტატისტიკურად სანდო მონაცემებს. ეს მონაცემები მიღებულია საქართველოს მოსახლეობის პირისპირ (და არა სატელეფონო) გამოკითხვებიდან, რომლებიც ჩემმა ორგანიზაციამ (ISSA), ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობით, ჩაატარა 2024 წლის აგვისტო – ოქტომბრის შუალედში (კვლევის 4 რაუნდი).

კიდევ ერთი, ეროვნული შერჩევის, მასობრივი გამოკითხვა (კვლავ, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით) ჩავატარეთ ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) დაკვეთით, 2024 წლის ივნისში. აღნიშნული კვლევების შედეგებს ორი მიმართულებით წარმოგიდგენთ.

  1. იმ მწვავე პრობლემათა ჩამონათვალში, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, საქართველოს ჩართვა რუსეთთან ომში კვლევის არცერთ რაუნდში არ მოხვედრილა ყველაზე მწვავე პრობლემათა ხუთეულშიც კი (წამყვანი საკითხები ყოველთვის იყო სიღარიბე, უმუშევრობა, მაღალი ფასები, დაბალი ხელფასები და პენსიები, ქართველების ემიგრაცია ქვეყნის გარეთ). პროცენტულად, რუსეთთან ომში ჩართვის პრობლემას არასოდეს მოუგროვებია 4%-ზე მეტი.

თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა უნდა გავაკეთო: ეს 4% არ ასახავს რუსეთთან ომში ჩართვის პრობლემის დამოუკიდებელ (თუ შეიძლება ითქვას, აბსოლუტურ), არამედ მხოლოდ რელატიურ „წონას“. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეებს სხვა – სოციალურ-ეკონომიკური – პრობლემები უფრო მეტად აწუხებდათ, ვიდრე რუსეთთან ომში ჩართვის პრობლემა.

უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთთან ომში ჩართვის პრობლემის შედარებითი მნიშვნელობა უფრო მაღალი იყო „ქართული ოცნების“ და არაპროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში, არათბილისელებში, უფროსი თაობის წარმომადგენლებში და სხვ. თუმცა, თუნდაც ამ ჯგუფებში, ეს პრობლემა არ დასახელებულა მწვავე პრობლემათა სამეულში.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთთან ომში ჩართვა პირველი რიგის პრობლემას არ წარმოადგენდა საქართველოს მოსახლეობისთვის (ყოველ შემთხვევაში, აგვისტო-ოქტომბრის შუალედში).

  1. ახლა ვნახოთ, რამდენად რეალურად მიიჩნეოდა რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხე, როდესაც ამ პრობლემის „წონას“ ვიკვლევდით როგორც ცალკე აღებული პრობლემის (და არა სხვა პრობლემებთან შედარების კუთხით).

ამ თვალსაზრისით, გამოკითხვა აჩვენებდა, რომ საქართველოს მოსახლეობის 43% არადამაჯერებლად მიიჩნევდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდას იმის შესახებ, რომ ე.წ. „გლობალური ომის პარტიას“ სურს საქართველოს ჩართვა რუსეთთან ომში, ხოლო 26% – დამაჯერებლად (დაახლოებით 30%-ს გაუჭირდა პოზიციის გამოხატვა).

აქვე აღსანიშნავია, რომ თბილისელებში ყველაზე მაღალი იყო იმათი წილი, ვინც აღნიშნულ ნარატივს არადამაჯერებლად მიიჩნევდა (70 %), ხოლო სოფლებში მაცხოვრებელთა შორის ყველაზე მაღალი იყო იმათი რაოდენობა (41%), ვისაც სჯეროდა, რომ „გლობალური ომის პარტია“ საქართველოს რუსეთთან ომში ითრევს.

რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ამ შედეგებიდან? რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხე საქართველოს მოსახლეობისთვის არ იდგა პირველი რიგის პრობლემათა შორის; თუმცა, აღნიშნულმა პროპაგანდამ წარმატებით იმუშავა ამომრჩეველთა დაახლოებით მეოთხედში (ძირითადად, არათბილისელებში), რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია.

ამდენად, გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ ომში ჩართვის შიში ოპოზიციური ამომრჩევლის შემცირების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა.

იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე,
ექსპერტ-ანალიტიკოსი