2024 წლის 11 იანვარს, გვიან საღამოს, ბათუმში, აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ უკანონოდ დააკავეს მზია ამაღლობელი, შპს „გაზეთი ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, თავდაპირველად, პლაკატის გაკვრისთვის წარწერით „იფიცება საქართველო“. მანამდე, დღის განმავლობაში, ბათუმში იგივე მიზეზით უკანონოდ დააკავეს ცხრა აქტივისტი. მზია ამაღლობელს სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მალევე, ბათუმში დაკავებული ყველა ქალი გაათავისუფლეს. მათ შორის, მზია ამაღლობელიც.

მეორედ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელთან არ უშვებდნენ ადვოკატს. რამდენიმე საათის განმავლობაში ირღვეოდა მისი უფლება ადვოკატთან კომუნიკაციის ნაწილში. როცა იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, მზია ამაღლობელმა თქვა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.

შპს „გაზეთი ბათუმელები“ ორ მედიაგამოცემას – „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს აერთიანებს. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

თავად მზია ამაღლობელი კი, თავისი სამოქალაქო პოზიციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების სამიზნე. საგანგაშოა ისიც, რომ მისი დაკავება სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით მოხდა.

მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებით მედიაომბუდსმენი ავრცელებს მიმართვას და მოითხოვს:
1. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელის და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მისი უფლებების დარღვევის ფაქტები;
2. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაისაჯონ მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მასზე ძალადობის განმახორციელებელი პირები, მათ შორის, აჭარის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

მედიაომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia შეწყდეს ბათუმში ძალადობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები, მათ შორის, მზია ამაღლობელი.