ხარაგაულში 14 საწოლიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტრომ მშენებელი ორგანიზაცია შპს „მშენებელი 2004“ გამარტივებული შესყიდვით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შეარჩია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიასა და მშენებელი ორგანიზაციის დირექტორ ზურაბ აბესაძეს შორის 2015 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, ხარაგაულის 14 საწოლიანი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მშენებლობაზე 1 539 013 ლარი დაიხარჯება.

საავადმყოფო სამგლიის სერზე, ამბულატორიის გვერდით, გ. დევდარიანის #8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. მშენებლობა, ხელშეკრულების მიხედვით, სავარაუდოდ, 2016 წლის ივლისში დასრულდება.

ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილია წლების წინ დაწყებული, დაუმთავრებელი შენობის სადემონტაჟო სამუშაოები. ნოემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით აშენდება კარკასი. იანვრიდან დაიწყება შიდა მოპირკეთება, აპრილიდან ფასადის მოპირკეთება, მაისიდან – გარე კომუნიკაციების მოწესრიგება. მომავალი წლის იანვრის ბოლოდან დაიწყება სამონტაჟო სამუშაოები, მაისის შუა რიცხვებიდან – დანადგარებისა და აღჭურვილობის მონტაჟი. მაისი-ივლისის პერიოდში დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა.