თითქმის ერთი წელია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საექიმო ამბულატორია, ტელემედიცინის საპილოტე პროექტში ვერ ერთვება, სათანადო შენობის უქონლობის გამო.

რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში მოქცეული ხევის საექიმო ამბულატორია 2021 წელს დაანგრიეს. ამბულატორიისთვის ახალი შენობის აგება, რიკოთის ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანიის დაკვეთით, შპს „ენერჯი გრუპმა“ 2023 წლის სექტემბერში დაიწყო.

ამ კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი ლადო აღაჯანაშვილი ამბობს, რომ ხევის ამბულატორიის შენობაში შიდა კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. მან ამ სამუშაოების დასრულების ზუსტი თარიღი ვერ გვითხრა.

ხევის ამბულატორიის ექიმის, ია პაქსაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამბულატორიის შენობაში შეყვანილია დენი და წყალი. წყალი ხევის საექიმო ამბულატორიას ჭაბურღილიდან უნდა მიეწოდოს.

„კოსმეტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, შენობაში აპარატურას, ყველა საჭირო ინვენტარს გადავიტანთ, – ამბობს ია პაქსაშვილი, – მათ შორის, ტელემედიცინისთვის განკუთვნილ სპეციალურ აპარატურას, რომელიც ამჟამად ჩემს სახლში ინახება. ხევში ამბულატორიის ახალ შენობაში გადასვლის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით არ ვიცი“.

როდის შევა ექსპლოატაციაში ხევის საექიმო ამბულატორიის ახალი შენობა – ამ შეკითხვით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართეთ.

ამ სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელმა პირმა, მარიამ სიორდიამ გვიპასუხა, რომ „ხევის საექიმო ამბულატორიის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2026 წლის ზაფხულში“.

მეექვსე წელია, ხევის ამბულატორია ფუნქციონირებს კერძო სახლში, სადაც ექიმ ია პაქსაშვილის ინფორმაციით, სამედიცინო მომსახურებისთვის არასათანადო პირობებია.