ბზარები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დამეწყრილი ღვერკის მოსაზღვრე სოფელ ხორითშიც გაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ღვრეკსა და ხემაღალში ერთ წელზე მეტია, რაც მეწყერმა 112 ოჯახის საცხოვრებელი სახლები საცხოვრებლად უვარგისი და საშიში გახადა.

სოფელ ხორითში მცხოვრები ანზორ და ლამარა გრძელიძეები უახლოეს დღეებში საკუთარ სახლს დატოვებენ და საცხოვრებლად ხარაგაულში გადმოვლენ. ამის მიზეზი მათ სახლსა და ეზო-კარმიდამოს მიმდებარედ გააქტიურებული მეწყერია.

„ზამთარში, თოვლი რომ მოვიდა, სახლმა ზანზარი დაიწყო, – გვიამბობს ლამარა გრძელიძე, – ჩვენ სოფელ ხორითში, ღვერკის საზღვარზე ვცხოვრობთ. შემდეგ სახლის კედლებზე გაჩნდა ბზარები, რომლებიც თანდათან მატულობს. სახლის ზემოთ ყანაში მიწამ ძალიან დაიწია. სახლის ქვედა მხარეს, წყაროს მიმდებარედ, დიდი ღრმული გაჩნდა.

განცხადებით მივმართეთ გეოლოგიის დეპარტამენტს. მოვიდნენ და მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს. ივნისში გეოლოგების დასკვნა მივიღეთ, რომ ჩვენს სახლში ცხოვრება აღარ შეიძლება.

მე და ჩემი მეუღლე მოხუცები ვართ და ჯოხითაც ძლივს გადავადგილდებით. ხარაგაულში დასაქირავებელი ბინის შოვნა გაგვიჭირდა.

ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბინის ქირას გადაგვიხდიან და უახლოეს დღეებში სახლს დავტოვებთ.

ჩვენს ახლო-მახლო მაცხოვრებლები არ არიან. ხორითში, ჯერჯერობით, მხოლოდ ჩვენ ვართ მეწყერისგან დაზარალებული“.

„წლებია, გრძელიძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყრული პროცესების შეინიშნება და მიწა მიდის, – ამბობს სარგვეშის თემში მერის წარმომადგენელი ვეფხვია ვეფხვაძე, – წელს ბზარებმა ნელ-ნელა მოიმატა.

გეოლოგიის დეპარტამენტს მე მივმართე, რომ ამ ოჯახის მდგომარეობა ადგილზე შეესწავლათ. როგორც ვიცი, გასახლებას ექვემდებარებიან.

ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება მათ ბინის ქირას გადაუხდის და სხვა პროგრამებითაც დაეხმარება. გრძელიძეების სახლის გარშემო გაჩენილ მეწყერს ღვერკის მეწყერს ვერ დავუკავშირებ“.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც არის მსგავსი ასამე ინდივიდუალური შემთხვევა, როდესაც ოჯახს ეკომიგრანტის სტატუსს ანიჭებენ, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – ლეღვანში, წიფაში, ღორეშაში, ხუნევში, ფარცხნალში, კიცხსა და ვარძიაში ზოგი ოჯახის გასახლებაა აუცილებელი, ზოგისთვის პრევენციული ღონისძიებებიც საკმარისია.

ხორითში მეწყერის მასიურ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, ამიტომ ღვერკი-ხემაღალის მეწყერს ვერ დავუკავშირებთ და პანიკას ნუ გამოვიწვევთ“.