2026 წლის პირველი იანვრიდან მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით მიმდინარეობს, ხოლო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების გაფორმება ვერ შეძლეს, რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადა 2027 წლის პირველ იანვრამდეა.

რა სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას და რა ნაბიჯები უნდა გადადგან მოქალაქეებმა საკუთრების დასაცავად? ამ თემაზე bm.ge-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ საადვოკატო ბიურო „გოჩელაშვილი და პარტნიორების“ მმართველმა პარტნიორმა, თამარ გოჩელაშვილმა ისაუბრა და მესაკუთრეებს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა.

„დღეს მოქმედი სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შესახებ კანონი კი ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის სრული სისტემატიზაცია მოხდეს, – ამბობს თამარ გოჩელადვილი, – ნაკვეთები ზუსტად უნდა აღირიცხოს თანამედროვე გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში და საჯარო რეესტრში დაცული მონაცემები სრულ შესაბამისობაში მოვიდეს რეალობასთან.

მოქმედი კანონი, ისევე როგორც მისი წინამორბედი საკანონმდებლო აქტები, ორ ძირითად კატეგორიას მოიცავს: ეს არის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები და მართლზომიერ სარგებლობაში არსებული მიწა.

სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ფუნქცია სწორედ ამ ნაკვეთების რეგისტრაციის მაქსიმალური წახალისებაა, რათა მფლობელებმა საკუთრება ოფიციალურად გაიფორმონ“.

იურისტი მოქალაქეებს ურჩევს, ნუ დაელოდებიან 2027 წლის პირველი იანვრის მოახლოებას და დროულად უზრუნველყონ საკუთრების სამართლებრივი დარეგისტრირება.

„უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან წარმოიშობა. ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთს უშუალოდ ფლობთ და სარგებლობთ, არ ნიშნავს, რომ მისი სამართლებრივად განკარგვა შეგიძლიათ.

სათანადო რეგისტრაციის გარეშე ნებისმიერ ფლობას იურიდიული და სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება“.

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთების აზომვას, საჭირო დოკუმენტების მოძიებასა და რეგისტრაციას ყოველგვარი საფასურის გარეშე. რაც შეეხება სპორადულ რეგისტრაციას, ის მოქალაქეების უშუალო ინიციატივითა და ხარჯებით ხორციელდება.

„დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი სისტემური რეგისტრაციის დაახლოებით 95% უკვე შესრულებულია და საჯარო რეესტრში მილიონ-ნახევარზე მეტი ახალი მესაკუთრეა რეგისტრირებული“, – ამბობს თამარ გოჩელაშვილი.

იურისტის თქმით, მიუხედავად კონკრეტული ვადებისა, სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრების უფლებას არ ართმევს, რადგან ეს უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. სისტემური რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგაც ძალაში რჩება „ფიზიკურ პირთა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი.

თუმცა, ქონების სრულფასოვანი სამართლებრივი დაცვისთვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დაზუსტებული მონაცემების არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

წყარო