ამ დილით მოქალაქე რედაქციაში დაგვიკავშირდა და გულისტკივილი გამოხატა იმის გამო, რომ ხარაგაულის კულტურის ცენტრის შენობის მხოლოდ გარე ფასადს აწესრიგებენ, მაშინ, როცა ამ შენობაში ოთახები და სახურავი მძიმე მდგომარეობაშია.

კულტურის ცენტრის სახურავი დაზიანებულია და შენობის სამივე ოთახში (სარეპეტიციო და საკონცერტო დარბაზები, ადმინისტრაციის ოთახი) წვიმის გამო ჭერი დაობებულია.

„დისკომფორტი გვექმნება, ცეკვის რეპეტიციის დროს ჭერიდან წყალი რომ ჩამოდის,- ამბობს ანსამბლ „მთიელის“ ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე, – საფრთხის შემცველი რომ იყოს იქ ყოფნა, რეპეტიციას არ ჩავატარებ. თუმცა, წვიმის დროს იმ მხარეს, სადაც წყალი ჩამოდის, ცხადია, ვერ ვცეკვავთ“.

რა სამუშაოები ტარდება და ხომ არ იგეგმება შენობის სახურავის შეცვლა, – „ჩემი ხარაგაულის“ ამ შეკითხვაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა გვიპასუხა:

„კულტურის ცენტრის შენობის გარე ფასადი 2021 წელს პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მოწესრიგდა. კომპანია, რომელმაც სამუშაოები განახორციელა, ვალდებულია, არსებული ხარვეზები გამოასწოროს. ამ შენობების მოვლა-პატრონობაზე საგარანტიო ვადა ჯერ არ ამოწურულა. აქედან გამომდინარე, შენობების გარე ფასადებს აწესრიგებენ.

კულტურის ცენტრის შენობის გადახურვას რაც შეეხება, ძალიან გვინდა, რომ ეს შენობა სრულად რეაბილიტირდეს. ეს თუ ვერ მოხერხდა, მაშინ წელს მის სახურავს აუცილებლად შევცვლით“.

„განახლებული რეგიონების“ ოთხწლიანი პროგრამა ცენტრალური ბუჯეტიდან 2021 წელს დაფინანსდა. ხარაგაულში ამ პროგრამის ფარგლებში სოლომონ მეფის ქუჩაზე (რკინიგზის სადგურიდან ყოფილი რაიკავშირის შენობის ჩათვლით) სკვერების, კულტურის ცენტრისა და მიმდებარე საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდა.

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე შენობების ფასადები ამხანაგობა „დბს“-მ მოაწესრიგა. შენობების სახურავების რეაბილიტაცია არც მაშინ გაუთვალისწინებიათ.