ხარაგაულის ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ თაბუკაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

კონკურსში – „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ – საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. მათ უნდა შეექმნათ ესე, ფოტოსურათი ან ნახატი.

მარიამ თაბუკაშვილმა ესეების კონკურსში გაიმარჯვა.

პროექტი – „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ – მთელი წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა.

მონაწილეებისთვის საქართველოს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე არაერთი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა, შემეცნებითი შეხვედრა და საველე გასვლა გაიმართა, რაც მათ ბუნების დაცვის მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში დაეხმარა.

დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის ეროვნულ პარკში გაიმართა, კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები სპეციალური სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების დაცვის კულტურის პოპულარიზაცია, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერება და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაღრმავება.

ბაზალეთის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ინგა ბუხნიკაშვილი მადლობას უხდის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ოფისის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, რეინჯერ ლევან ჩუბინიძეს ამ საინტერესო პროექტში მხარდაჭერისთვის.

ვულოცავთ მარიამ თაბუკაშვილს და ბაზალეთის სკოლის კოლექტივს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.