პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დასრულდა.

რეგისტრაციის მომდევნო, მეხუთე ეტაპი, 20 ივლისიდან დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ ეტაპზე სკოლის ბაზებში, გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია ხორციელდება, რომლებიც ამ დრომდე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში ამ მომენტისთვის 127 პირველკლასელია დარეგისტრირებული. ეს მონაცემი სავარაუდოა და შესაძლებელია რეგისტრაციის მეხუთე ეტაპზე შეიცვალოს.

2026-2027 სასწავლო წელს ყველაზე მეტი – 15-15 პირველკლასელი ისწავლის ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიასა და კიცხის საჯარო სკოლაში.

ამ დრომდე თითო-თითო პირველკლასელი დარეგისტრირდა სარგვეშისა და მოლითის საჯარო სკოლებში. არც ერთი პირველკლასელი არ არის დარეგისტრირებული წიფის სკოლაში.

გასულ, 2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში სწავლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში 134-მა პირველკლასელმა დაიწყო, 2024-2025 სასწავლო წელს – 155-მა პირველკლასელმა, 2023-2024 სასწავლო წელს კი სწავლას 157 პირველკლასელი შეუდგა.