ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტი-2026“ იწყება.

ეს პროგრამა ხარაგაულში 2022 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით დაინერგა.

„მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამა მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, წარადგინონ თავიანთი სოფლისა და თემისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და მონაწილეობა მიიღონ მათი შერჩევის პროცესში.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის დაფინანსება 2026 წლისთვის 300 000 ლარით განისაზღვრა.

პროგრამის განხორციელების ეტაპებია:  

I ეტაპი – საპროექტო წინადადებების მიღება – 6 ივლისი – 9 აგვისტო;

II ეტაპი – საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა – 10 აგვისტო – 23 აგვისტო;

III ეტაპი – ხმის მიცემა ელექტრონულად თქვენთვის სასურველ  პროექტზე – 24 აგვისტო – 28 სექტემბერი;

IV ეტაპი – გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით დამუშავება – 28 სექტემბერი – 4 ოქტომბერი.

სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსოთ შემდეგ ბმულზე.

ამ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს.

2022-2024 წლებში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 16 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ხარაგაულის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2025 წელს ამ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების ხარჯთაღრიცხვების გადაფასებისა და ექსპერტიზის მიზნით ბაზრის კვლევა მიმდინარეობს.