ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ეს პროცესი, თვითმმართველობისგან დაფუძნებულ ააიპ-ებში გაგრძელდება.

მუნიციპალიტეტისგან დაფუძნებული ერთ-ერთი ააიპ-ია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“. ეს ცენტრი მიზნობრივი ტრანსფერით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და სუბსიდიას ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც იღებს.

2026 წელს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 328 300 ლარით ფინანსდება. აქედან მიზნობრივი ტრანსფერი 206 400 ლარია, 121 900 ლარი კი – ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემული სუბსიდია.

მიზნობრივი ტრანსფერით ჯანდაცვის ცენტრში ფინანსდება პროგრამები, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წლის განმავლობაში გეგმავს. ამავე თანხაშია გათვალისწინებული პროგრამების განსახორციელებლად საჭირო თანამშრომელთა ხელფასები.

ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების 2024 წლის 12 აპრილის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დელეგირებული უფლებამოსილების შესასრულებლად მუნიციპალიტეტებისთვის მიზნობრივი ტრანსფერის გაანგარიშების მეთოდოლოგია და გაცემის წესი.

ამ წესის თანახმად, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს – 9 შტატი განესაზღვრა – დირექტორი, ბუღალტერი, ექიმი-ეპიდემიოლოგი, ცივ ჯაჭვზე პასუხისმგებელი პირი, სტატისტიკოსი, ექიმი-პროფილაქტიკოსი, მძღოლი, დამლაგებელი, დარაჯი.

ამჟამად ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 28 თანამშრომელია.

დავინტერესდით, როგორ დაასაბუთებს ზემოთ ჩამოთვლილი შტატების გარდა, სხვა შტატების ფუნქციონირების აუცილებლობას ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

ამავე შეკითხვით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს გოჩა გიორგიძესაც მივმართეთ.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის მეთოდური ხელმძღვანელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრებისა და დაფინანსებას, რომელიც მოდის დელეგირებული ტრანსფერის სახით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოყოფს, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – რა რესურსების გამოყენებით განახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენგან განსაზღვრულ პროგრამებს, ეს ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების ბრძანებითაა დადგენილი.

თუმცა, იმავე ბრძანებაში მითითებულია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ ამ წესისგან განსხვავებული წესით დაამტკიცონ საშტატო განრიგი, შესაბამისი საჭიროებიდან და არგუმენტაციიდან გამომდინარე“.

„ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა კოორდინირებულად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და საქვეუწყებო სამსახურებთან, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, – აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა, რომ ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელთა რაოდენობა ახალი ფორმულის მიხედვით განვსაზღვროთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ჰქონდა საჭიროება და აუცილებლობა, მაგალითად, ნადაბურსა და გედსამანიაში ექთნების დანიშვნის. ამ საკითხს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ხშირად აშუქებდით. ამ სოფლებში დანიშნული ექთნები ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები არიან.

ჩვენ არ ვმალავთ, რომ მაქსიმალურს ვაკეთებთ დასაქმებულთა შესანარჩუნებლად. მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამიტომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი  ბიუჯეტიდან ვახორციელებთ თანადაფინანსებას, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები ეფექტურად განხორციელდეს.

ჯერ კონკრეტულად არ ჩამოვყალიბებულვართ, რომელი შტატები დარჩება ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. თუმცა, როგორც მერის პირველი მოადგილე, ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის ცენტრში შტატები გადასახედი იქნება. შესაძლებელია, ეს უკვე მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას გავითვალისწინოთ. თუმცა, კონკრეტულად რომელი შტატები შემცირდება, ამაზე დღეს ვერ გიპასუხებთ.

2024, 2025 და 2026 წლისთვისაც გადავწყვიტეთ, რომ ჯანდაცვის ცენტრში არსებული შტატები შეგვენარჩუნებინა. ბიუჯეტი საკრებულომ დაამტკიცა და ამ მიმართულებით დეპუტატებს შენიშვნა არ გამოუთქვამთ. მომავალში, ააიპ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ხარაგაულის ბიუჯეტიდან, სუბსიდიის სახით, რა ოდენობით თანხას გამოვუყოფთ და დამატებით რამდენი საშტატო ერთეული დაფინანსდება, ამჟამად ვერ გეტყვით. თუმცა, ამ საკითხზე მსჯელობას არც გამოვრიცხავ“.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე ტაბატაძემ ჩვენს შეკითხვაზე წერილობით გვიპასუხა:

„2024 წლის 12 აპრილის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების ბრძანების შესაბამისად,  ააიპ ხარაგაულისსაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, განესაზღვრა 9 საშტატო ერთეული. დღეისათვის, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დასაქმებულია 28 თანამშრომელი.

მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტი შედგება 20 ადმინისტრაციული ერთეულისაგან და 79  სოფლისგან. გეოგრაფიული მდებარეობიდან და მისი არეალიდან გამომდინარე, სამსახური, თითოეული თანამშრომელის მონაწილეობით, მუშაობს ხარისხიანად და ეფექტურად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაზრდილია პროგრამების რაოდენობა, მომატებულია სხვადასხვა ეპიდემიები; სტატისტიკურად, წინა წლებთან შედარებით, გავახშირეთ სკრინინგ აქციების ჩატარება სხვადასხვა ლოკაციებზე. ჯამში, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვან საკითხებზე და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, უფრო მეტ პრობლემებთან გვიწევს გამკლავება.

მოგეხსენებათ, დაანონსებულია რეორგანიზაციები როგორც მერიაში, ისე ააიპებში. ვფიქრობ, ეს პროცესი გარდაუვალი და შესაბამისად, მტკივნეული იქნება. თუმცა, ეს საკითხი მერიის გადასაწყვეტია და საკრებულოს მიერ დასამტკიცებელი.

შემიძლია გითხრათ, რომ თუ ახალი რეგულაციების მიხედვით დამტკიცდა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შტატები, ჩვენი მიზანიც და შემართება იქნება ერთი – ხარისხიანი, ეფექტური და პასუხისმგებლობით წარმართული საქმიანობის გააგრძელება. 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია დეკემბრის ჩათვლით. მომავალი წლის ბიუჯეტი როგორ დაიგეგმება და რას გადაწყვეტს მერია, ჩემთვის უცნობია“.

გასულ წლებში სახელწიფო აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტების, მათ შორის ხარაგაულის, მიერ დაფუძნებული ააიპ-ების მართვის ეფექტიანობა შეამოწმა. აუდიტის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ააიპ-ების საქმიანობის დაგეგმვისა და მართვის პროცესში იხელმძღვანელონ ხარჯთეფექტურობის პრინციპით; შეისწავლონ მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების საკადრო პოლიტიკა, განახორციელონ  ააიპ-ში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობებისა და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი.

გაითვალისწინებს თუ არა ხარაგაულის მერია სახელწიფო აუდიტის რეკომენდაციებს რეორგანიზაციის პროცესში, ეს უახლოეს ხანში გამოჩნდება.

ნინო კაპანაძე