

ხარაგაულელმა ნუგზარ ლომსაძემ და რამდენიმე დღის წინ თავსგადამხდარი ამბავი გაგვიზიარა:
„გასულ კვირა დღეს, დილაადრიან, ხარაგაულის ტაძრისკენ წირვა-ლოცვაზე მიმავალს მოულოდნელად ზორბა, წითელი ფერის ძაღლი დამესხა თავს. მარცხენა ფეხის წვივზე სერიოზული ნაკბენი დამიტოვა, მარჯვენა წვივზე შარვლის ტოტი შემომახია, – ამბობს ბატონი ნუგზარი, – ერთმა გამვლელმა ძაღლს შეუტია და მომაშორა. მე კი მითხრა, ნეტავ ხომ არავინ დამინახა, ძაღლის გაწყრომა კანონით ისჯებაო.
დავრეკე 112-ზე. მომხედეს სასწრაფო დახმარებისა და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მუშაკებმა და დამაიმედეს, – თუ აცრებს დროულად ჩაიტარებთ, არავითარი საფრთხე აღარ გემუქრებაო.
წელს მეთორმეტე თუ მეცამეტე ვყოფილვარ, ამ ძაღლისგან დაკბენილი.
ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ის ძაღლი ვეტსამსახურს წაყვანილი ჰყოლია, – ძაღლი აცრილი, მოვლილი, ნაპატრონებია და საიდანაც წაიყვანეს, მერე ისევ იქ დააბრუნესო.
ყოჩაღ, ძაღლების უფლებადამცველებს, მაგრამ ჩვენც ხომ გვყავს ჩვენი უფლებადამცველები?! ვიფრთხილოთ და და ვიჩქაროთ ჩვენი უფლებების სათანადოდ დაცვისათვის“, – ამბობს ბატონი ნუგზარ ლომსაძე.
ათეული წლებია, ხარაგაულსა და თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით, პრობლემებია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამას „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ ახორციელებს. საქართველოს რეგიონებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლიდან „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა“ დაიწყო.
ამ პროგრამების ფარგლებში განსაზღვრულია უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა სამედიცინო მანიპულაციების (სტერილიზაცია, კასტრაცია, პარაზიტებზე დამუშავება, იდენტიფიცირება ყურის კლიპის მეშვეობით, ცოფზე აცრა) ჩასატარებლად. ამ პროცედურების ჩატარების შემდეგ მიუსაფარი ცხოველები ბუნებრივ არეალში უნდა დააბრუნონ.
ამის მიუხედავად, პრობლემა კვლავ მასშტაბურია. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2026 წელს ხარაგაულში მიუსაფარი ძაღლისა და კატის დაკბენის 66 შემთხვევაა აღრიცხული.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა უფასო კასტრაცია/სტერილიზაციით მოგვარდება; ნაწილი ფიქრობს, რომ მიუსაფარი ცხოველებისთვის რეგიონული თავშესაფარი უნდა აშენდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება და საკუთარი ცხოველი ქუჩისთვის არ გავიმეტოთ.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია აგრძელებს რუბრიკას – ფერმერი გვირჩევს.
თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე
დღეს, 2 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით
1 ივნისს ხარაგაულელი გიორგი (გია) ლურსმანაშვილის აფხაზეთის ომში