ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო აფართოებს თანამედროვე მონიტორინგის სადგურების ქსელს, რომელიც რეალურ დროში გვაწვდის მონაცემებს ჰაერის ხარისხისა და დაბინძურების წყაროების შესახებ.

ზესტაფონის, ზემო საქარის, რუსთავის, ფოთისა და ოზურგეთის რაიონებში უკვე მოქმედებს ხუთი სადგური, ხოლო 2026 წლის ბოლომდე კიდევ ხუთი დამონტაჟდება ჭიათურაში, ბოლნისში, გორში, სიღნაღსა და ბორჯომში.

ეს სადგურები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ზომავენ ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა სახეს, მათ შორის მტვრის წვრილი ნაწილაკების (PM2.5), სატრანსპორტო საშუალებებისა და საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვის (NO₂), სამრეწველო გამონაბოლქვის (SO₂) და არასრული საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირბადის მონოქსიდის (CO) დონეს.

ეს დეტალური მონიტორინგი ზომავს ჰაერის ხარისხს კონკრეტულ ადგილას და დროს, და ამავდროულად დროის რეალურ რეჟიმში უზრუნველყოფს ინფორმაციის მოწოდებას დაბინძურების წყაროების შესახებ.

29 მაისს, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ ერთ-ერთ მონიტორინგის სადგურს, რომელიც ქალაქ რუსთავის მახლობლად მდებარე სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლაშია დამონტაჟებული.

„ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველო უკეთ შეძლებს აკონტროლოს ჰაერის დაბინძურება, გამოავლინოს მისი წყაროები და დაიცვას მოსახლეობა, განსაკუთრებით მაღალი რისკის ტერიტორიებზე. უფრო სუფთა ჰაერი ნიშნავს უფრო ჯანმრთელ ადამიანებს, ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ყველასთვის“, – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ვიზიტი დასრულდა თაზაქენდის საჯარო სკოლაში, სადაც სტუმრები შეხვდნენ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს იმის განსახილველად, თუ როგორ აძლევს გარემოსდაცვითი განათლება და პრაქტიკული გამოცდილება ახალგაზრდებს ცოდნას და უნარებს უფრო მდგრადი და მწვანე მომავლის შესაქმნელად.

ევროკავშირისა და გაეროს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებისთვის ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში სახელწოდებით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE) და ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტო (UBA).

წყარო