ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

კონცერტში ამ სამუსიკო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მაყურებლის წინაშე პირველად წარსდა ახლადშექმნილი ბენდი „მშვიდობის მტრედები 2“.

ახალგაზრდული ბენდის შექმნის ისტორია გაგვაცნო სამუსიკო სკოლის მოსწავლე ლიზი კურტანიძემ, რომელიც კონცერტის წამყვანიც იყო და რამოდენიმე მუსიკალური ნაწარმოებიც შეასრულა.

ბენდის შექმნის ინიციატორი ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლე ბარბარე ბუაჩიძეა. მან თავისი იდეა სამუსიკო სკოლის პედაგოგს დალი მერაბიშვილს გააცნო. ახალგაზრდებს მხარი სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ დაუჭირა. ასე გაერთიანდნენ მუსიკის სიყვარულით ახალგაზრდები – ბარბარე ბუაჩიძე, ბარბარე ბარბაქაძე, ნიკოლოზ გველესიანი, გიორგი ვეფხვაძე და ლიზი კურტანიძე.

ხარაგაულის სამუსიკო სკოლასთან 2018 წლიდან მოქმედებს ბენდი „გრავე“. ამ ბენდის წევრებმა გზა დაულოცეს ახალგაზრდებს და რამდენიმე მუსიკალური ნომერი შემოგვთავაზეს.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიღძვნილ კონცერტზე კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს მართა ჭყოიძემ, ნინო მაჭავარიანმა, ტასო და ლალი ხომასურიძეებმა, ქეთევან მახარაძემ, ალექსანდრა გველესიანმა, ნინო ლომსაძემ, ხატია მეიფარიანმა, ლიზი კურტანიძემ, ქეთევან მაჭავარიანმა, გიორგი ვეფხვაძემ (პედაგოგები ხათუნა მაჭავარიანი, ლიანა კვირიკაშვილი, თამარ ჩიმაკაძე, დარეჯან გვაძაბია, დალი მერაბიშვილი).

საესტრადო სიმღერებით წარსდგნენ მსმენელის წინაშე გაბრიელ შარიქაძე, ლალი ხომასურიძე და გოგონათა გუნდი (პედაგოგი დარეჯან კაციტაძე).

ღონისძიების დასასრულს სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი ალექსიძემ სკოლის მოსწავლეებს, ახალგაზრდულ ბენდს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.