ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თურქულზე ვაქცინაცია მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ავთანდილ ვეფხვაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში 4 500 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიდან  3 000 უკვე აცრეს. აცრიდან 4-5 კვირის შემდგომ პირუტყვს რევაქცინაცია ჩაუტარდება. აცრისთანავე ცხოველს უკეთდება ჩიპი, სადაც დატანილია ყველა ინფორმაცია ცხოველის შესახებ – მისი ფერი, ასაკი, ჯიში, ჩატარებული აცრების რაოდენობა. ჩიპში მოცემულია ასევე მეპატრონის მონაცემები. ამ ინფორმაციის გარეშე მეპატრონე ცხოველს ვერ გაყიდის, სასაკლაოზე არაიდენტიფიცირებულ ცხოველს ვერ შეიყვანენ.

თურქულზე აცრების დასრულებისთანავე ბრუცელოზის საწინააღმდეგო აცრები დაიწყება, ამის შემდგომ – შინაური ძაღლებისა და კატების ცოფზე ვაქცინაცია.

აცრა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველის დაავადებებისგან დასაცავად.

„თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინა კარგი ხარისხისაა, – ამბობს ავთანდილ ვეფხვაძე, – ვაქცინა არ იწვევს უკუჩვენებს მაკეობის პერიოდში. თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალაცრილი ძროხის რძე და ხორცი. მოსახლეობას აცრების მნიშვნელობაზე ინფორმაციას როცა ვაწვდით, მათგან არანაირი წინააღმდეგობა აღარ გვხვდება. სოფლებში აცრების ორგანიზებაში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები გვეხმარებიან. მათ წინასწარ ვაცნობებთ, რომელ სოფლებში მივალთ და ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ. ცხოველების ვაქცინაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ექვსი ვეტერინარი ვატარებთ.

ჩვენი მიზანია, რომ ყველა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ყველა შინაური კატა და ძაღლი ავცრათ. აცრა მათ საშიში დაავადებებისგან იცავს“.

ნინო კაპანაძე