

მიმდინარე კვირას აღინიშნა ევროპის იმუნიზაციის კვირეული, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ.
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს 1996 წლიდან. მისი მიზანია პროფილაქტიკური აცრების გზით მოსახლეობის ვაქცინით მართვადი ინფექციებისაგან დაცვა. იმუნიზაცია არის ინფექციური დაავადებებისგან ორგანიზმის დაცვის საშუალება ვაქცინის შეყვანის (აცრის) გზით.
იმუნიზაციით მართვადი ინფექციებია: დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰემოფილუს ინფლუენსა ბ ტიპის, პოლიომიელიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა, ბ ჰეპატიტი, როტავირუსული ნაწლავური ინფექცია, პნევმოკოკური ინფექცია, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ბავშვი 13 საშიში ინფექციის წინააღმდეგ იცრება.
ვაქცინა აიძულებს ბავშვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას, გამოიმუშავოს ანტისხეულები – ნივთიერება, რომელიც ებრძვის ინფექციას. ვაქცინა იწვევს ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. თუ ბავშვის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრება, ვაქცინაციის შედეგად უკვე წარმოქმნილი ანტისხეულები ამოიცნობენ მას და ბავშვის ორგანიზმს დაიცავენ დაავადებებისაგან.
იმ შემთხვევაში, თუ სრული დაცვა არ მოხდება და ბავშვი მაინც დაავადდება, ინფექციის მიმდინარეობა იქნება მსუბუქი, სიცოცხლისათვის საშიში გართულებების გარეშე. ვაქცინების წარმატებით გამოყენების შედეგად მსოფლიოში გაქრა ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა ყვავილი, ზოგიერთ ქვეყანაში პოლიომიელიტი და დიფტერიაც კი.
პირველი იმუნიზაცია ტარდება სამშობიაროშივე „ბე“ ჰეპატიტისა და ბცჟ ვაქცინით. სხვა აცრები ტარდება იმუნიზაციის გეგმის მიხედვით 2 თვის ასაკიდან, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, რომელიც ასე გამოიყურება.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამჟამად იცრებიან 10, 11 და 12 წლის გოგონებიც და ბიჭებიც!!! ამ ვაქცინით ასაცრელი ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა. ამჟამად უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის ადამიანებს 13-დან 45 წლის ჩათვლით.
15 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის აცრების კურსი ორდოზიანია და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა; 15-დან 45 წლამდე კი აცრების კურსი სამდოზიანია. სამჯერადი ვაქცინაცია ტარდება შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
სამჯერადი ვაქცინაცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. აღნიშნული ასაკის ადამიანებს შეუძლიათ მიაკითხონ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებებს და უფასოდ ჩაიტარონ აცრა.
ადამიანის პაპილომავირუსი რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას – კიბოსწინარე დაზიანებებს, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოსა და სხვ. ვაქცინაცია ამ დაავადებების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.
იმუნიზაცია იცავს არა მარტო თქვენს შვილს, არამედ თქვენს ოჯახს და მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი იმ ბავშვებს, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა მძიმე მიზეზის გამო ვერ აიცრნენ. ბავშვის აცრა არასოდესაა ძალიან დაგვიანებული!
თუ თქვენმა ბავშვმა გამოტოვა გეგმიური აცრა და გასცდა იმ ასაკს, რომელიც საუკეთესო იყო აცრისათვის, მაინც უნდა მიმართოთ სამედიცინო პერსონალს ბავშვის იმუნიზაციის ჩატარების თაობაზე. გაითვალისწინეთ, რომ ვაქცინები ყველაზე უსაფრთხო პრეპარატების რიგშია, ხოლო აცრის შემდგომი გართულებების რისკი იმდენად უმნიშვნელოა ინფექციური დაავადებისა და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტიანობა უდავოა. არსებობს ვაქცინაციის დროებითი და მუდმივი უკუჩვენება, ასევე ცრუ უკუჩვენება. ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვის აცრის გადაწყვეტილებას იღებს ექიმი და არა მშობელი.
ძვირფასო მშობლებო! თქვენი შვილი მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას – აიცრას და იყოს დაცული, – თავად ვერ მიიღებს. ამიტომ გთხოვთ, დროულად მიიყვანეთ ბავშვი ამცრელ დაწესებულებაში, ითანამშრომლეთ სამედიცინო პერსონალთან, ნუ გადადებთ აცრას უმნიშვნელო ავადმყოფობის, უამინდობისა თუ მოუცლელობის მიზეზით, გადაამოწმეთ თქვენი შვილების აცრის სტატუსი, გაესაუბრეთ ექიმს და გამოტოვებული აცრის შემთხვევაში მასთან ერთად დაგეგმეთ აცრა უხლოეს მომავალში.
ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ინფორმაცია აცრებისა თუ ვაქცინების შესახებ მოიძიოთ ოფიციალურ გვერდებზე, როგორიცაა – moh.gov.ge (ჯანდაცვის სამინისტროს გვერდი) და ncdc.ge (დაავადებათა კონტროლის გვერდი). ნუ დაეყრდნობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც, სამწუხაროდ, სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფებში იდება.
გახსოვდეთ, ვაქცინები უსაფრთხოა, აცრა უფასოა, აცერი და დაიცავი!
ნინო ბუხნიკაშვილი
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის იმუნიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი
მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა შეწყვიტა საქმის წარმოება სარჩელზე,
პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც 23 ივნისის შემდეგ პატიმარია და ახლა
მიმდინარე კვირას აღინიშნა ევროპის იმუნიზაციის კვირეული, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს 1996 […]
ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ მიმდინარეობს ახალგაზრდებისთვის.
26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან,