ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფლიდან გაზიფიცირებულია 14 სოფელი: ბაზალეთი, ქროლი, ღარიხევი, წიფი, ვარძია, კიცხი, თეთრაწყარო, საქარიქედი, ისლარი, ფარცხნალი, ახალსოფელი, ჩხერი, ჯაფაროული, ლაშე და დაბა ხარაგაული.

ლაშის იგორეთში, კიცხის იგორეთსა და ღუდუმექედში გაზზადენის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა გამრიცხველიანების პროცესი, რომელიც „სოკარ გაზმა“ უნდა შეასრულოს, ჯერ დაწყებული არ არის. „სოკარ გაზიდან“ მოპოვებული ინფორმაციით, გაზსადენი, ჯერჯერობით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ბალანსზეა. საჭიროა, ეს გაზსადენი „სოკარს“ გადაეცეს, რომ გამრიცხველიანების პროცესი დაიწყოს.

„ამ სოფლების გამრიცხველიანების ლიცენზია, ჯერჯერობით, არ გვაქვს; როგორც კი გაზის ტრანსპორტირების კომპანია მოგვცემს ნებართვას, „სოკარის“ ადგილობრივი სერვისცენტრი მოსახლეობის გამრიცხველიანებას დაიწყებს. ყველანაირად მობილიზებული ვართ, – ამბობს „სოჯარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის სერვისცენტრის უფროსი ლევან აბაშიძ.

გაზის ტრანსპორტირების კომპანია ლაშის იგორეთში, კიცხის იგორეთსა და ღუდუმექეთში გაყვანილი გაზსადენების „სოკარგაზისთვის“ გადაცემის თარიღს, ამ მომენტისთვის, ვერ აკონკრეტებს.

დავინტერესდით, რომელი სოფლების გაზიფიცირება იგეგმება ხარაგაულში 2026 წელს. ამ მიზნით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას წერილობით მივმართეთ.

„2026 წელს იმერეთში დაგეგმილია 6 მუნიციპალიტეტის: ჭიათურის, ტყიბულის, ზესტაფონის, ბაღდათის, ხარაგაულისა და წყალტუბოს 28 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომელთა დასრულების შემდეგ 5 400 ადგილობრივ მოსახლეს საშუალება მიეცემა, ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში“, – გვიპასუხეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან; თუმცა, ჩვენგან არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ დაგვიკონკრეტეს, – მითითებული 28 დასახლებული პუნქტიდან რომელი სოფლებია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება ხარაგაულელ ამომრჩევლებს 2017 წელს დაგვპირდა, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ანუ 2021 წლამდე, ხარაგაულის ყველა – 79-ვე  სოფელი იქნებოდა გაზიფიცირებული.