2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიყიდვა, 2027 წლის პირველი თებერვლიდან კი პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოებაც იკრძალება.

შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 12 მარტის სხდომაზე მიიღო. ამ დადგენილებით განსაზღვრულია გამონაკლისებიც.

აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე, მათ შორის არალკოჰოლურ და ალკოჰოლურ სასმელებზე. გამონაკლისი შეეხება ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებისთვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებას.

მთავრობის განმარტებით, რეგულაციის მიზანი გარემოზე პლასტმასის ნარჩენების ნეგატიური ზემოქმედების შემცირებაა.

დადგენილების განმარტებაში აღნიშნულია, რომ პლასტმასის ნაწარმის დაშლის პროცესი ასეულობით წელს გრძელდება, რის შედეგადაც ნარჩენები გროვდება ნიადაგში, წყალსატევებსა და ზღვებში, აზიანებს სანიტარულ სისტემებს და ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას.

ქვეყანაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88% პლასტმასს წარმოადგენს, საიდანაც ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე დიდი ნაწილი მოდის. მათ შორის, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41%-ია.