ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობითა და დაფინანსებით გაიხსნა.

2016-2019 წლებში ინოვაციების ცენტრში არაერთი ტრენინგი, ვიდეო ლექცია თუ სასწავლო კურსები ჩატარდა, თბილისიდან მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით. ამ ტრენინგებზე ხარაგაულელი ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებს ეცნობოდნენ.

პროგრამირების მიმართულებით ონლაინ ტრენინგები განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა წყალაფორეთელი გიორგი ქოჩიაშვილისთვის. გიორგი ოთხი თვის განმავლობაში სწავლობდა ვებპროგრამირების fronr and -ის და back and-ის კურსებზე. შემდეგ მან „ჯეოლაბში“ ვებგვერდის აწყობა-დაპროგრამების ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიარა. გიორგი ქოჩიაშვილი დღეს პროგრამისტია და სხვადასხვა კერძო კომპანიებთან თანამშრომლობს.

„ყოველთვის აქტიურად ვინტერესდებოდი ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში მიმდინარე ტრენინგებითა და ლექციებით, – ამბობს გიორგი ქოჩიაშვილი, – თავდაპირველად, ინიციატივების მართვისა და გრაფიკული დიზაინის ტრენინგები გავიარე, შემდეგ – „ჯეოლაბის“ ლაბორატორიის ვებპროგრამირების კურსი. მას შემდეგ სწავლა კვლავ ამ მიმართულებით გავაგრძელე და, უკვე რვა წელია, ამ სფეროში ვაგრძელებ საქმიანობას.

ინოვაციების ცენტრი ჩემთვის იყო სივრცე, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები შევისწავლე და განვითარება შევძელი. ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში დღესაც არის შესაძლებლობა, მოსწავლეებმა LEGO რობოტებზე მუშაობა შეისწავლონ. ძალიან კარგია, რომ ხარაგაულელ ახალგაზრდებს, დაინტერესების შემთხვევაში, ბავშვობიდან აქვთ რობოტიკისა და ინჟინერიის შესწავლის პირობები“, – ამბობს გიორგი ქოჩიაშვილი.

2023 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 76 210 ლარი ღირებულების ახალი ტექნიკით აღიჭურვა.

„ამჟამად LEGO რობოტების შემსწავლელი ორი ჯგუფი გვყავს, – ამბობს ხარაგაულის ინოვაციების ცენტრის მენეჯერი ია ჯანიაშვილი, – ჯგუფში გაერთიანებული არიან დაბა ხარაგაულში მოქმედი სკოლების II-V კლასების მოსწავლეები. რამდენიმე სოფლის სკოლის მოსწავლეებმა გამოთქვეს ჩვენთან სწავლის სურვილი. თუმცა, ტრანსპორტირების პრობლემის გამო, ვერ შეძლეს.

სასწავლო წლის დასაწყისში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს მოსწავლეები ინოვაციების ცენტრში მოჰყავთ და ჩვენს საქმიანობას ვაცნობთ. ბევრი მათგანი ამით ინტერესდება და როცა მიღებას გამოვაცხადებთ, ჩვენთან მოდიან. კურსებზე მიღებას, ძირითადად, სოციალური ქსელით ვაცხადებთ. ლეგო რობოტების შემსწავლელი კურსი სამთვიანია.

2024 წელს, ახალი ინვენტარის მიღების შემდეგ, ხარაგაულელი მასწავლებლებისთვის საოფისე პროგრამების შემსწავლელი კურსი ავამოქმედეთ და გადამზადება 9 პედაგოგმა გაიარა. მსურველები თუ იქნებიან, ამ კურსს აუცილებლად გავიმეორებთ.

„დაინტერესებულ მოსწავლეებს ლეგო რობოტების აწყობას ვასწავლით, – ამბობს ინოვაციების ცენტრის IT სპეციალისტი ლექსო კიკნაძე, – ამით ბავშვს უვითარდება ინჟინერიის ნიჭი, მათემატიკური უნარები და გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას სწავლობენ. ლეგო რობოტების კურსი წლის განმავლობაში ათმა მოზარდმა რომ გაიაროს და  ერთ მოსწავლესაც კი აქ შესწავლილი უნარები სამომავლოდ გამოადგეს, ვფიქრობ, ეს უკვე წარმატებაა.

ასეთი კურსები თბილისში ფასიანია. ხარაგაულში ინოვაციების ცენტრი რომ გაიხსნა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით, ჩვენთან სპეციალისტები ჩამოდიოდნენ და სხვადასხვა კურსები იქმნებოდა. თითოეული ასეთი სპეციალისტის მოწვევას და ერთი კურსის ჩატარებას 2-5 ათასი ლარი სჭირდებოდა. ამ პერიოდში სპეციალისტები ევროკავშირისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩამოდიოდნენ. ახლა თუ სპეციალისტს მოვიწვევთ და ტრენინგებს დავგეგმავთ, თანხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა უნდა გადაიხადოს. ამასთან ერთად, თითოეული კურსის შექმნასა და მომზადებას დიდი დრო სჭირდება; უნდა შეიქმნას სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებს ამა თუ იმ სპეციალობას ასწავლი. ლეგო რობოტიქსის კურსი მუდმივად ვითარდება. ვცდილობ, ამის შესახებ ინფორმაციებს გავეცნო და შემდეგ ბავშვებს ვასწავლო.

შესაძლოა, მოვიძიო სპეციალისტი, რომელიც ჩამოვა და ტრენინგს ჩაატარებს, მაგრამ ერთდღიანი ტრენინგი, თანამედროვე ტექნოლოგიების რომელიმე მიმართულების შესასწავლად, არასაკმარისია. საჭიროა რამდენიმეთვიანი კურსის დაგეგმვა და ჩატარება, რაც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული“.

„ლეგო რობოტების შემსწავლელი კურსი სასარგებლოა სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის, – ამბობს ია ჯანიაშვილი, – ჩვენთან სწავლა მათთვის საინტერესო და განმავითარებელი იქნება. ინოვაციების ცენტრში გვაქვს მაღალი ხარისხის 12 ლეპტოპი, უწყვეტი ინტერნეტით; ფოტო კამერა, დრონი, პროექტორი, ეკრანი, ფერადი და 3D პრინტერები. ყველა დაინტერესებული მოსწავლისათვის ინოვაციების ცენტრი ყოველთვის ღიაა და მათ შეუძლიათ, რომ ამ ტექნიკით ისარგებლონ. მე და ლექსო, შეძლებისდაგვარად გვერდით დავუდგებით და ყველას მივეხმარებით. ამ ტექნიკით სარგებლობა ყველა ხარაგაულელს შეუძლია“.

„თანამედროვე მსოფლიო ყოველდღიურად ისე ვითარდება, რომ ტექნოლოგიების შესწავლა ყველა ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანია. ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ თანამედროვე ტექნოლოგიების საბაზისო უნარები, იქნება ეს პროგრამების სწავლება თუ ტექნიკის გამოყენება და ასევე ისარგებლონ ინოვაციების ცენტრის ტექნიკით,“ – ამბობს ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი.

თამთა გოგოლაძე