

თანამედროვე საზოგადოებაში ქალები ხშირად რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თითოეული როლი განსხვავებულ პასუხისმგებლობას მოიცავს. მარინე ხვედელიძე ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, ვინც ყოველდღიურ გამოწვევებს რამდენიმე პოზიციაზე უმკლავდება. ის ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩვენი გაზეთის სტუმარია.
– გააცანით თქვენი თავი საზოგადოებას. ვინ არის მარინე ხვედელიძე.
– პირველ რიგში, ხარაგაულელი ვარ. დავიბადე 1981 წელს. დედაჩემმა საბავშვო ბაღში არ მატარა იმ მიზეზით, რომ სურდა, სულ მის გვერდით ვყოფილიყავი. ამას ვაპროტესტებდი. პირველ კლასში რომ შევედი, როგორც ბაღგაუვლელს, თანატოლებთან ურთიერთობა ცოტა გამიჭირდა, რადგან ჩემი კლასელების უმრავლესობა ერთმანეთს საბავშვო ბაღიდან იცნობდა.
1999 წელს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა დავამთავრე, 2005 წელს – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი. 2006 წლიდან მუშაობა მოლითის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დავიწყე. ამ შესაძლებობისთვის გულწრფელად მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მოლითის სკოლის მაშინდელ დირექტორს ქალბატონ გულნარა ჯინჭარაძეს.
2015 წლიდან მუშაობა მშობლიურ, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად, ექვსი წლის განმავლობაში, ვიყავი ამ სკოლის დირექტორი. ქართულ ენასა და ლიტერატურას ასევე ვასწავლი ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიაში. ვარ წამყვანი პედაგოგი.
2025 წლის ოქტომბერში დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით მესამედ გავხდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ვარ სამი შვილის დედა.
– ქალბატონო მარინა, სამართლიანობის განცდა, მოსმენის უნარი, ლოგიკური აზროვნება, ახსნისა და დარწმუნების გამოცდილება – მასწავლებლისთვის საჭირო და აუცილებელი ამ თვისებებიდან, თქვენ ყველაზე მეტად რომელი თვისებით გამოირჩევით?
– ეს, ალბათ, ჩემს მოსწავლეებს უნდა ჰკითხოთ. თქვენგან ჩამოთვლილი თუ რომელიმე თვისება აკლია მასწავლებელს, ის ვერ იქნება მოსწავლისთვის მისაღები და საყვარელი მასწავლებელი. მოსწავლეს გაკვეთილის შემდეგ თუ დარჩა განცდა, რომ მასწავლებელი სამართლიანი არ არის, იქ დასრულდება მის მიმართ ნდობა და პატივისცემა.
ჩვენი და წინა თაობების მოსწავლეობის დროს უფრო მეტად მასწავლებელს უნდა ესაუბრა და მოსწავლეს ესმინა, – გაკვეთილზე ლიდერი მასწავლებელი უნდა ყოფილიყო. მე ცდილობ, მოსწავლეებს მოვუსმინო. მასწავლებელი უნდა იყოს ფასილიტატორი, რომელიც მოსწავლეებს მიზნის მიღწევაში ეხმარება.
ლოგიკური აზროვნება თუ დარღვეულია, იქ სწავლა-სწავლების პროცესი აზრს კარგავს და შედეგს ვერ მივიღებთ. სწავლა ყველა საგანში მიზეზ-შედეგობრივი პროცესით მყარდება.
ახსნისა და დარწმუნების გამოცდილება პედაგოგს უდავოდ ძალიან სჭირდება.
– თქვენს პიროვნულ ზრდას რამ შეუწყო ხელი – კომფორტის ზონაში ყოფნამ თუ გამოწვევების დაძლევის სურვილმა?
– ჩემი ცხოვრება სულ მიზნის მიღწევისთვის ბრძოლაა – აბა, ახლა ამას თუ დავძლევ; აბა, ამას თუ შევძლებ… არასდროს არავის გავჯიბრებივარ. ყოველთვის ვფიქრობ, – დღეს იმაზე უკეთესი უნდა ვიყო, ვიდრე გუშინ ვიყავი.
მიყვარს სიახლეები. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების უფლება თავიდან მხოლოდ მოქმედ პედაგოგებს ჰქონდათ. ამიტომ მე, მიუხედავად იმისა, რომ რვა თვის შვილი მყავდა, მოლითის სკოლაში დავიწყე მუშაობა.
მაშინ მატარებელი ხარაგაულიდან მოლითის მიმართულებით დილის ექვს საათზე გადიოდა. ჩემმა ოჯახმა ყველაზე კარგად იცის, რა რთული გზა გავიარე.
წარმატებულ ადამიანზე ამბობენ ხოლმე – „იმას გაუმართლა“, „რა ბედი აქვს“, „რა ადვილად მიაღწია ყველაფერს“. ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოსულა. ბევრი ღამე გამითენებია, დატვირთულ სამუშაოსთან ერთად ოჯახის საქმეებიც რომ მომესწრო. ჩემს შვილებს მინდა მოვუბოდიშო, ზოგჯერ ცოტა უყურადღებოდ თუ მრჩებოდნენ.
– ქალბატონო მარინე, თქვენ რა მეთოდს მიმართავთ, თუ მოსწავლე სისტემატურად არ ასრულებს დავალებას ან გაკვეთილებს არ სწავლობს.
– ჩვენ არ ვიცით, რა იმალება შეუსრულებელი დავალებების მიღმა. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლესთან და მის მშობელთან სწორი კომუნიკაცია. მოსწავლეზე ხელი თუ ჩავიქნიეთ და ვუთხარით, – შენგან მაინც არაფერი გამოვა, – ამით, შესაძლოა, მას მომავალი დავუნგრიოთ. შანსი ყველას უნდა მივცეთ. გაკვეთილი თუ ვერ გაიგო, დამატებით ვუხსნი. ჩემი მოსწავლეები დამერწმუნებიან, უყურადღებოდ არც ერთს არ ვტოვებ.
– რომელია თქვენი საყვარელი მწერალი, პოეტი, ლიტერატურული გმირი და რატომ?
– როგორც დედა ვერ გამოარჩევს, რომელი შვილი მეტად უყვარს, ისეა ამ შემთხვევაშიც. რომელი მწერლის შემოქმედებასაც ვასწავლი, იმ დროს იმით ვარ გატაცებული. ხშირად მხატვრულ ლიტერატურას განწყობის მიხედვით ვარჩევ. თუმცა, ჩემთვის მაინც განსაკუთრებულია ძველი ქართული ლიტერატურა და ჰაგიოგრაფია.
– ქალბატონო მარინე, ქალი, დედა, მასწავლებელი, საკრებულოს წევრი – თქვენთვის ამ როლებიდან ყველაზე მეტად ახლობელი და მისაღები რომელია და რატომ?
– ყველაზე დიდ დროს მასწავლებლობას ვუთმობ. ოჯახშიც კი, შვილებთან, მასწავლებლის როლში ვარ.
– 8 მარტი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღეა. თქვენ როგორც დეპუტატი, რას გვეტყვით, რა გამოწვევების წინაშე არიან ქალები და რა უნდა გაკეთდეს მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
– ქალისა და მამაკაცის თანასწორობა დღემდე პრობლემაა. ქალი, როცა სამსახურიდან შინ დაღლილი ბრუნდება, თავს ვერ აძლევს იმის უფლებას, რომ წამოწვეს, დაისვენოს. მან უნდა იფიქროს სადილ-ვახშამზე, სისუფთავეზე, მტერ-მოყვარეზე. ძირითადად, ქალი ზრუნავს შვილების სწავლა-განათლებაზე.
მე და ჩემს მეუღლეს საოჯახო საქმეები გადანაწილებული გვაქვს. არასდროს დაგვიყვია ქალისა და კაცის საქმე. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებული ვერ ვიქნებოდი, რომ არა ჩემი მეუღლის, ჯუმბერ იჩქიტიძის, მხარდაჭერა.
მთავარი გამოწვევა, ჩემი აზრით, მაინც ისაა, რომ დეკრეტული შვებულება უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი და შვების მომცემი დედისთვის. დეკრეტის თანხაც იმ ოდენობის უნდა იყოს, რომ ქალმა ჩვილი ბავშვი არ მიატოვო და სამსახურში არ გაიქცე. დედებისთვის მეტი ხელშეწყობაა საჭირო.
– ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თქვენი მონაწილეობით თუ გაიხსენებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელმაც ქალების მდგომარეობა შეცვალა და რა გეგმები გაქვთ ამ კუთხით მომავალში, რას უსურვებთ ქალებს.
– მიმაჩნია, რომ ყველა სიკეთე თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქალისა და მამაკაცისთვის. გზა, წყალი, ტრანსპორტი ყველას ერთნაირად სჭირდება. ჩემს კოლეგებთან ერთად მხარი დავუჭირე მუნიციპალიტეტის სოფლებში საბავშვო ბაღების გახსნას. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისა და დედებისთვის.
გეგმებს რაც შეეხება, უფრო სურვილს ვიტყვი, – ყველა ახალგაზრდა ქალმა უნდა ისწავლოს, პროფესიას დაეუფლოს და ძლიერი შეხვდეს დედობას, ოჯახს.
შვილის სწორად აღზრდა ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ ვხედავთ მომავალი თაობის არასწორი განვითარების სამწუხარო და სავალალო შედეგებს. დედობა მხოლოდ ბიოლოგიური პროცესი არ არის. ქალია ოჯახისა და შვილების გეზის მიმცემი. ვისურვებდი, რომ ქალები ოჯახის შექმნას გაცნობიერებული და მომზადებულები შეხვდნენ.
ნინო კაპანაძე
დღეს, 5 მარტს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ქალთა საერთაშორისო დღისადმი
ექვსი თვის წინ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელს ხევის საექიმო ამბულატორიაში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უფასო სასადილოს პროგრამას 2009 წლიდან
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2025 წელს