

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის ხელშეწყობით 2000 წელს პარიზში, კიბოს მსოფლიო სამიტის დროს დაწესდა. იმავე წელს ხელი მოეწერა პარიზის ქარტიას, რომელიც მიზნად ისახავს კიბოს საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვას და საერთაშორისო თანამშრომლობას. კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ოფიციალურად 2005 წლიდან აღინიშნება.
კიბოსთან ბრძოლის 2025-2027 წლების მთავარი თემაა „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“.
ნინო თხელიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც კიბო დაამარცხა. ის ამბობს, რომ კიბო განაჩენი არ არის. ნინო, ჩვენი თხოვნით, ამ დაავადებასთან ბრძოლის ურთულესი გზის შესახებ გამოცდილებას გვიზიარებს:
„მე ვარ ადამიანი, რომელმაც კიბოსთან ბრძოლა მოიგო. თუმცა, ეს გამარჯვება ერთ დღეში არ მოსულა. ექიმთან სკრინინგზე მივედი. დიაგნოზი რომ მითხრეს, გავოგნდი. ყველაზე მეტად ქიმიოთერაპიის დაწყება განვიცადე, – ავტირდი, რომ თმა გამცვივდებოდა. თუმცა, საკუთარ თავს მაშინვე ვუთხარი, რომ ვიბრძოლებდი.
ძალიან გამიმართლა, ექიმთან დროულად მივედი და საუკეთესო ექიმები მკურნალობდნენ – მამოლოგი თინათინ დუნდუა და ონკოლოგი ნია შარიქაძე. ერთ რამეში დავრწმუნდი, დაავადებასთან გამკლავების დროს უმნიშვნელოვანესია განწყობა.
ქიმიოთერაპიის 16 კურსი დამჭირდა. ყველა გადასხმაზე სიცილით შევდიოდი. ექთნები მოსაცდელში მყოფ პაციენტებს სულ ეუბნებოდნენ – ნუ ხართ მოწყენილები, ნახეთ, როგორი განწყობით არის ნინო, მას მიბაძეთო. საბედნიეროდ, ქიმიოთერაპიის შემდეგ გვერდითი მოვლენები არც ერთხელ არ მქონია.
ჩემი პატარა შვილები დასვენებისა და წამოწოლის საშუალებას არ მაძლევდნენ. ქიმიის გადასხმის მეორე დღესვე სამსახურში მოვდიოდი.
ამ ბრძოლის გზაზე აღმოვაჩინე, რომ საკუთარი თავი არ მცნობია. თითქოს ხელახლა დავიბადე და ცხოვრება თავიდან დავიწყე. მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ გადამარჩინა. მას შემდეგ, რაც უფალმა ეს განსაცდელი მომივლინა, – სიცოცხლე, ადამიანები, თითოეული გათენებული დღე უფრო მეტად დავაფასე. საერთოდ არაფერზე ღირს წუწუნი, როცა ჯანმრთელად ხარ.
მოძღვარს რომ ვუთხარი, კიბო დავამარცხე-მეთქი, მითხრა, შენ ალბათ უფალმა რაიმე მისიით მოგავლინა ამქვეყნადო. ორი შვილი მყავს გასაზრდელი – ამაზე დიდი მისია რა უნდა იყოს.
კიბოსთან ბრძოლის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს გარშემომყოფთა მხარდაჭერას – ოჯახის წევრები მამხნევებდნენ, მარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ყველას მინდა ვუთხრა, აუცილებლად ჩაიტარონ კიბოს სკრინინგი, რომელიც უფასოა. მით უმეტეს, რომ ხარაგაულში გინეკოლოგი და მამოლოგი არ გვყავს. იმ პაციენტების 80%, რომლებიც ჩემთან ერთად მკურნალობდნენ, ამბობდნენ, რომ დაავადების შესახებ სკრინინგის დროს შეიტყვეს. ადრეულ სტადიაზე დაავადების აღმოჩენა ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელდები.
კიბოს მკურნალობის ეტაპები – ოპერაცია, ქიმიო და სხივური თერაპიები – უფასოა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის პროგრამებიდანაც დამაფინანსეს, მაქსიმალურად გვერდში დამიდგნენ. თუმცა, ეს მაინც არასაკმარისია – ექოსკოპია, სხვადასხვა ანალიზები საკმაოდ ძვირი ღირს. ზოგს, შესაძლოა, საავადმყოფომდე მისასვლელი გზის ფულიც არ ჰქონდეს.
კიბო დავამარცხე, თუმცა, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უნდა ვაკონტროლო. ყველას, ვინც ახლა ებრძვის ამ უხილავ მტერს, ვეტყვი, რომ სირთულეების მიუხედავად, არ დანებდნენ და არ შეშინდნენ.
4 თებერვალი ჩემთვის კალენდარზე უბრალო რიცხვი არ არის, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, გამარჯვებისა და იმედის დღეა.
P.S. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით სკრინინგ ცენტრებში მოქალაქეები პერიოდულად მიჰყავთ. პროგრამა მოიცავს ოთხ კომპონენტზე უფასო კვლევას:
ნინო კაპანაძე
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის ხელშეწყობით 2000 წელს პარიზში, […]
ბოლო რამდენიმე დღეა, ბუნებრივი აირის მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
მეშვიდე წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის,
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა