ხარაგაულელი ბერიკა ებანოიძე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად დღეს, 16 სექტემბერს, გაემგზავრა.

აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებული ბერიკა ებანოიძე ESDES School of Business and Management-ში Impact Finance and Fintech Management-ის სამაგისტრო პროგრამაზე მომავალი წელიწადნახევრის განმავლობაში ისწავლის.

გამგზავრების წინ ბერიკას განწყობისა და მოლოდინების გაზიარება ვთხოვეთ.

„ამ შედეგის მისაღწევად, რამდენიმე წელია, ვმუშაობ, – ამბობს ბერიკა ებანოიძე, – მიხარია და ბედნიერი ვარ, ახალი ცხოვრების დაწყების მოლოდინში.

საფრანგეთის განათლების სისტემა მომწონს და ამიტომაც გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება სწორედ ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინი გამართლდება. საფრანგეთის პოლიტიკა სტუდენტების მიმართ ისეთი მორგებული და კომფორტულია, ვიმედოვნებ, არაფერი გამიჭირდება და კარგად ვადაპტირდები ცხოვრების ახალ სტილთან.

სამაგისტრო პროგრამა ხუთბლოკიანია და დაახლოებით 1,5 წელი გაგრძელდება, რასაც შემდეგ სტაჟირება მოჰყვება.

„ფინანსები და ფინანსური ტექნოლოგიების მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად, ბოლო სამი წელია, აქტიურად ვმუშაობ, – რა თქმა უნდა, საჭირო იყო საბაკალავრო ხარისხი ამ მიმართულებით; ვმონაწილეობდი სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებსა და კონფერენციებში, რომ საჭირო გამოცდილება დამეგროვებია; გამემდიდრებინა პორტფილიო და პროფილი. მუშაობა დავიწყე საერთაშორისო კომპანია „დელოიტში“. გავიარე გასაუბრება ფრანგულ ენაზე, სადაც წარვადგინე ჩემი გამოცდილება. დამჭირდა აკადემიური კონტაქტების გამოყენება, თანამშრომლების, ჩემი დირექტორისა და უფროსებისგან რეკომენდაციები. აპლიკაციის შევსების პროცესი დაახლოებით ერთწლიანია, ძალიან დიდხანს გრძელდება პროცედურები საფრანგეთის ვიზისთვის.

მთელი წელი ვცდილობდი დონორებისა და დამფინანსებლების მოძიებას, სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფინანსებლად. დავიწყე მეორე სამსახური და ვცდილობდი ამეღო გრანტი სწავლის დასაფინანსებლად. შემდეგ მოვიპოვე განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია, სწავლის საფასურის დარჩენილი ნაწილისა და ცხოვრების ხარჯების დასაფარად. ამიტომ დროში ძალიან გაიწელა საფრანგეთში მაგისტრატურაზე ჩაბარება“, – ამბობს ბერიკა ებანოიძე.

წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებთ ბერიკა ებანოიძეს.

თამთა გოგოლაძე