2024 წლის ზაფხულში ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აშშ-დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება შეუჩერდა.

განვითარებული პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, რა რისკის წინაშე დადგება ჯანდაცვის სისტემა, თუკი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის მხრიდან არსებული დახმარებები გაჩერდება? – ამ კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შედეგები მძიმე იქნება არა მხოლოდ კონკრეტული სექტორების, არამედ ქვეყნის ჭრილში.

„2 მლნ-ის შეჩერება თანხაში დიდი ფული იყო 1990-იან წლებში, მაგრამ ახლა სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის ეს არ არის ის თანხა, რომ ამის კომპენსაცია ვერ გააკეთოს. აქ უფრო მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობები. შეჩერდა სამეცნიერო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტები, რომლითაც ვუზიარებდით ერთმანეთს ინფორმაციას, საერთო კვლევებს ვაწარმოებდით, კონფერენციებზე დავდიოდით და ა.შ.

მქონდა კომუნიკაცია CDC-ის ხელმძღვანელობასთან, ცხადია, ეს პოლიტიკურ პროცესებთან არის დაკავშირებული და დიდი იმედი მაქვს, რომ აღდგება. იზოლირებულად ჯანდაცვა არც შეჩერდება და არც აღდგება. ეს არის ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტთან დაკავშირებული. ჩვენს მთავარ პარტნიორთან, რომელიც განსაზღვრავდა ქვეყნის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ მდგრადობას. ღმერთმა არ ქნას, რომ ეს ურთიერთობები გაცივდეს და შეჩერდეს მსხვილ მასშტაბში, რადგან ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე“, – აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ჯანდაცვაში დაფინანსებული პროექტების 75% აშშ-დან მოდის, ხოლო მხოლოდ 2017 წლამდე მათ მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 700$ მლნ-ს სცდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ შედის ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეად“-ის დაფინანსებით 2015 წლიდან ხორციელდებოდა.

თათია ჩაფიჩაძე

წყარო