თამაზ კიკნაძეს 2022 წლის 28 აპრილს 87 წელი შეუსრულდებოდა. უკვე 20 წელია, რაც იგი ჩვენს შორის აღარაა.
ჩემ წარმოსახვაში მისი სახე მუდმივად ცოცხლობს. მახსენდება, როგორ მიუყვებოდა ჭადრების ხეივანს ლამაზი, თმაშევერცხლილი და რა თავაზიანად, არტისტულად ესალმებოდა დიდსა და პატარას. ჩემში ეს არტისტული მიმიკები და ხასიათები აცოცხლებენ ძველ ხარაგაულს, მის ქუჩებს და ქმნიან რაღაც იდუმალ სახეებს, რომლებიც ასე მენატრება.
თამაზ კიკნაძემ სიმღერითა და სიყვარულით იცხოვრა და დღესაც სიყვარულით იხსენებს ყველა. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია – გიყვარდეს და უყვარდეთ. თითქოს რა ადვილია და ამ დროს – როგორი ძნელი. მან ეს შეძლო.
სიყვარულით გავლილი ცხოვრება – ორი სიტყვით ასე შეიძლება შეაფასო თამაზ კიკნაძის სიცოცხლე; კაცის, რომელიც ნამდვილად დააკლდა ხარაგაულს.
არ ვიცი, ეს რა ბედისწერა იყო. 1990 წელს, როცა მისი პარტნიორი ვიყავი „დარისპანის გასაჭირში“, ნამდვილად ვერ და არ ვიფიქრებდი, რომ მე მომიწევდა მისი გზის გაგრძელება.
უკვე 18 წელია, ხარაგაულის თეატრის რეჟისორი ვარ და ახლა ვხვდები, რა ძნელია ამ გზაზე სიარული.
ბევრჯერ მინატრია, თამაზ კიკნაძე რომ ცოცხალი იყოს, როგორ ეშხსა და ლაზათს შემატებდა ჩვენს სპექტაკლებს. ბევრი დაწერილა მის რეჟისორულ, თუ სამსახიობო ოსტატობაზე, მისი ხმის ტემბრზე, მის საოცარ დეკლამატორობაზე, მე ეს ყველაფერი მახსოვს. თითქოს დღესაც მესმის მისი ხავერდოვანი ხმა.
მინდა იცოდეს მომავალმა თაობამ, რომ ხარაგაულში ცხოვრობდა კაცი, რომელიც ქმნიდა მის თეატრალურ და ინტელექტუალურ ცხოვრებას. ეს კაცი თავისი ცხოვრების წესით, საქმისადმი დამოკიდებულებებით აჩვენებდა ადამიანებს, როგორ უნდა იცხოვროს ხელოვანმა, კაცმა, პატრიოტმა, მოქალაქემ.
მას სიმდიდრე არ უხვეჭია, არც სასახლეები უშენებია, სიყვარულით იცხოვრა და სიყვარული მოიხვეჭა, – ყველაზე დიდი მოსახვეჭელი.
მისი განსახიერებული სცენური სახეებიდან, ბუნებრივია, ყველაზე კარგად დარისპანი მახსოვს. ბევრი „დარისპანი“ მინახავს ქართულ სცენაზე, ვერც ერთს ვერ შევადარებ თამაზ კიკნაძის „დარისპანს“.
სცენაზე ერთად შემოვდიოდით. მახსოვს, პირჯვარს გადაიწერდა და მეტყოდა „აბა, შემიძეხიო“, ახლაც მესმის თითქოს… „რამდენი ფრთა ქათამი გამოტეხა წრეულს, ბოშო?“ – მერე მისი შემოხედვა და ჩემი პასუხი.
რეჟისორობა რომ დავიწყე, თავიდან ისე ვღელავდი, რომ ყოველი პრემიერის წინ მესიზმრებოდა; ვფიქრობდი, – ნეტავ, რას იტყოდა…
მახსოვს, 60 წლის რომ გახდა, იუბილე აღუნიშნეთ მასთან შეუთანხმებლად – ჩუმად, მუზეუმში. შესასვლელში ფოტოგამოფენა მოეწყო. დარბაზში ძველი აფიშები და ცენტრში სავარძელი დავდგით. უკანა კარებიდან მოვიდა, დარბაზში შემოგვეპარა და უკანა რიგში ისე დაჯდა, რომ ვერ გაიგო, ეს ყველაფერი ვის ეძღვნებოდა. როცა შეიტყო, შეწუხდა, რადგან განსაკუთრებული ყურადღება და შექება არ უყვარდა. არ დამავიწყდება ოთარ აბაშიძის სიტყვა ამ იუბილეზე, თუ როგორ შეაფასა ბატონი თამაზის მიერ განვლილი გზა.
მასთან მუშაობა იყო ბედნიერება, მუდმივი შემოქმედებითი პროცესი. ბევრი ხელმძღვანელი მყოლია, ბევრი სამსახური გამოვიცვალე, თუმცა ასეთი თანამედროვე და საქმეზე შეყვარებული, თან პატიოსანი და უანგარო ადამიანი მე არ შემხვედრია.
მიყვარდა და მუდამ სიყვარულით გამახსენდება მისი სახელი. მიხარია მის შვილებთან და ოჯახთან ურთიერთობა. მიხარია, რომ მისი გენი ცოცხლობს მის შთამომავლობაში და არასოდეს დაიკარგება.
ირინე ჩხეიძე
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების