1989 წლის 9 აპრილს დაიღუპულ 21 გმირს შორისაა ხარაგაულელი ელისო ჭიპაშვილი. ის იმ დროს ფეხმძიმედ იყო. 25 წლის ექთანი გოგონა აქციაზე მომიტინგეთა დასახმარებლად მივიდა. აქციებში მონაწილეობდა მისი ძმა ვახტანგ ჭიპაშვილი. ძმამ დის გარდაცვალების ამბავი 9 აპრილს დილით შეიტყო.

„დილით რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივედი, გავიგონე „ვაიმე, ჩვენი ელისოო…“, – გვიამბობს ვახტანგ ჭიპაშვილი, – ელისოს ცხედარს სიონის ტაძარში მივაგენი. დედას თავიდან ვერ ვუთხარი. მამა ხარაგაულში იყო წამოსული. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გაზით მოიწამლა. დიდი წვალებით მივასვენეთ სახლში. დედაჩემი ელისოს დაღუპვიდან მეოთხე დღეს ინფარქტით გარდაიცვალა, ამხელა ტრაგედიას ვერ გაუძლო. ორი მიცვალებული ერთად გავასვენეთ.

დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, მას შემდეგ მსგავსი არაფერი მინახავს. ისე ერთ მუშტად შეკრული ერი არ მახსოვს. ათიათასობით ადამიანი ერთად იდგა და არანაირი უსიამოვნება და შეკამათება არ ყოფილა. ყველა ერთმანეთის პატივისცემასა და მოფრთხილებაზე ფიქრობდა. დღევანდელი და მაშინდელი ვითარება რომ შეადარო, ცა და დედამიწასავითაა.

დღესაც მართავენ მიტინგებს, მაგრამ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის სიყვარული არ იგრძნობა.

მეამაყება, ჩემი დის გმირობა და ამ გმირობის აღსანიშნავად ოჯახში წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი რომ ინახება.

1989 წლის 9 აპრილს დაიღუპულ 21 გმირს შორისაა ხარაგაულელი ელისო ჭიპაშვილი. ის იმ დროს ფეხმძიმედ იყო. 25 წლის ექთანი გოგონა აქციაზე მომიტინგეთა დასახმარებლად მივიდა.

ნინო კაპანაძე

 

ამავე თემაზე

ვახტანგ ჭიპაშვილი – საამაყოა უმცროსი დის გმირობისთვის წმინდა გიორგის ორდენი

მსხვერპლის მიუხედავად, 9 აპრილი ჩემთვის ამაღლებული დღეა

სისხლის ფასად მოპოვებულ დამოუკიდებლობას მეტად უნდა მოვფრთხილებოდით (ვიდეო)