საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის წესსა და ოდენობაზე ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს 17 ნოემბრის სხდომაზე იმსჯელეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ ბიუროს წევრებს აღნიშნული საკითხის პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც პრემია გაიცემა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებულ პირებზე მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ზედმიწევნით  და სანიმუშოდ, განსაკუთრებული სირთულისა და მნიშვნელობის საქმის შესრულებისთვის.

პირის მიერ შესრულებული სამუშაოს დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაცია მიმდინარე წლის  განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.

მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულ პირებზე (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თამჯდომარეები, საკრებულოს აპარატის უფროსი) პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს აპარატში დასაქმებული პირებისთვის პრემიის გაცემის შესახებ ინიცირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი, ხოლო გადაწყველილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ თანამდებობის პირებზე (გამგებლის პირველი მოადგილე, მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, გამგებლის თანაშემწეები, და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები) პრემიის გაცემაზე ინიცირებისა და პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს პირის ერთი თვის თანამდებობრივ სარგოს. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. როგორც პროექტშია აღნიშნული, პრემია შეიძლება გაიცეს ასევე წელიწადში სამჯერ  უქმე დღეებთან დაკავშირებით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, „მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის პრემიების საკითხს პრემიერ-მინისტრი არ წყვეტს.“

საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის წესსა და ოდენობაზე იმსჯელებენ საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრები.

პრემიების გაცემის ოდენობასა და წესზე საკრებულო გადაწყვეტილებას პირველი დეკემბრის სხდომაზე მიიღებს.

თამთა გოგოლაძე