ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში პირველ ოქტომბერს საბავშვო ბაღის გახსნა სასკოლო მზაობის ჯგუფის ბაზაზე იგეგმება.

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა დღეს, 10 სექტემბერს, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის (თავმჯდომარე დავით კიკნაძე) წევრებს გააცნო.

მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულში მოქმედ ოცივე საბავშვო ბაღში კოორნავირუსის პანდემიის გამო დადგენილი რეგულაციების დასაცავად მზად არიან.

შეძენილია ზამთრის სათბობი შეშა. წლის ბოლომდე ტენდერში გამარჯვებული მეწარმეები საკვებ პროდუქტებს საბავშვო ბაღებს შეუფერხებლად მიაწოდებენ.

ხარაგაულის #1 და ზვარეს საბავშვო ბაღებში სველი წერტილების რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება.

წელს ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის გაზიფიცირება, ფინანსების სიმცირის გამო, ვერ განხორციელდა. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაგეგმილი 50 ათასი ლარიდან დარჩენილი 10 ათასი ლარით მამუკა ჭიპაშვილი #1 საბავშვო ბაღის შემოღობვას აპირებს.

2021 წელს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება გეგმავს ხარაგაულის #2 და კიცხის საბავშვო ბაღების გაზიფიცირებას. ამისთვის 60 ათასი ლარი იქნება საჭირო.

„აუცილებელია, რომ ხუნევში საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა აშენდეს, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – 2021 წლის პრიორიტეტებში მერიამ და საკრებულომ ეს საკითხი უნდა გაითვალისწინონ“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში სწავლას პირველ ოქტომბერს 550-მდე აღსაზრდელი უნდა შეუდგეს.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

როგორ ხვდებიან ახალ სასწავლო წელს ხარაგაულში მოქმედი საბავშვო ბაღები