მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) გამარჯვებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სალომე მაჭავარიანი ამერიკაში იმყოფება. სალომე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აიოვას შტატის ქალაქ ვატერლოოში ისწავლის.

სალომე მაჭავარიანი მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის შესახებ გვესაუბრება, ამერიკაში მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებს გვიზიარებს.

„მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX-Future leaders exchange) ფინალისტი რომ გავმხდარიყავი, ბევრი ვიშრომე და ვიბრძოლე, – გვიამბობს სალომე, – პროგრამაში მონაწილეობა სამჯერ არის შესაძლებელი – მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასებში. ასაკის გამო, მეცხრე კლასში მონაწილეობის უფლება არ მომცეს. ამიტომ მხოლოდ ორი ცდა მქონდა. პირველ ცდაზე სამივე ეტაპი გადავლახე, მაგრამ დადებითი პასუხი ვერ მივიღე. ამან არ დამაბრკოლა და ჩავთვალე, რომ მომავალ წელს აუცილებლად გავიმარჯვებდი. საკუთარი თავის იმედი მქონდა. წელს კონკურსში 5000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, 80-მა გავიმარჯვეთ.

უკვე ერთი თვეა, ამერიკაში ვიმყოფები. თითქმის ორდღიანი ფრენის დაღლილობა მასპინძელი ოჯახის გულთბილმა დახვედრამ დამავიწყა. ამერიკელმა მშობლებმა, როგორც ნამდვილი შვილი, ისე მიმიღეს. სამი მასპინძელი და მყავს – ლუსი, ლილიანი და ვივიანი. ძალიან შემაყვარეს თავი. მასპინძელი დედა – მაგდა და მასპინძელი მამა – რობინი ახალ გარემოსთან შეგუებაში ყველანაირად მეხმარებიან.

სწავლა 26 აგვისტოს ვატერლოოს საშუალო სკოლაში დავიწყე (Waterloo West High school). საშუალო სკოლაში მხოლოდ მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები სწავლობენ. მეთორმეტე კლასში მიმიღეს. საგნები ჩემი სურვილით ავარჩიე, – ისეთები, რომელთა შესწავლის შესაძლებლობა საქართველოში არ მქონდა. სკოლაში 1600 მოსწავლეა. ყოველდღე რვა გაკვეთილი გვიტარდება. ალბათ, ქართველი მოსწავლისთვის უცნაური იქნება იმის გაგება, რომ ყველა გაკვეთილი სხვადასხვა კლასში მაქვს, სხვადასხვა ბავშვებთან და სხვადასხვა მასწავლებლებთან.

გაკვეთილებს შორის შესვენება ოთხი წუთია და სანამ დავიმახსოვრებდი, სად რომელი კლასი იყო, ჩანთით დერეფნებში დავრბოდი. ამერიკელ მოსწავლეებს სულ უკვირთ, როგორ ვარ უცხოელი, თუ ჯორჯიიდან ვარ, რადგან ჯორჯია აშშ-ს ერთ-ერთი შტატია. შემდეგ ვუხსნი, თუ სად არის ჩვენი ქვეყანა და ძალიან ინტერესდებიან. ხშირად ინგლისურ სიტყვებს ქართულად მათარგმნინებენ. ქართული სიტყვებისა და ანბანის სილამაზით გაოცებულები არიან.

ამერიკელების ცხოვრებაში ფეხბურთს დიდი ადგილი უჭირავს. ხშირად იმართება მატჩები და მეგობრებთან ერთად ვესწრები.

იშვიათია, რომ FLEX-ის ერთი და იგივე ეროვნების ფინალისტი ერთ ქალაქსა და სკოლაში მოხვდეს. წელს ჩემ სკოლაში ორი ქართველი ვსწავლობთ. მასპინძელ ოჯახს მოგზაურობა ძალიან უყვარს. ამიტომ თითქმის ყოველ შაბათ-კვირას სახლიდან გავდივართ. გასულ კვირას საცხოვრებელი ფურგონით საბანაკოდ ორი ღამით წავედით.

ზოგადად, ამერიკელები და განსაკუთერბით აიოვას შტატში მცხოვრებნი, ძალიან თბილი ხალხია. რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, სრულიად უცხო, ქუჩაში მოსიარულე ადამიანის მომღიმარი სახე კარგ განწყობაზე მაყენებს. მიხარია, რომ ერთ სასწავლო წელს აქ გავატარებ და ამერიკულ კულტურას გავეცნობი. მალე ჩემს სკოლაში საქართველოს შესახებ პრეზენტაციები უნდა მოვაწყო.

მომავალი კვირიდან დაწყებითი სკოლის ბიბლიოთეკაში მოხალისეობას ვიწყებ. აქ მოხალისეობრივი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მშობლიურ ბორის საჯარო სკოლას და ხარაგაულის სამუსიკო სკოლას. მუსიკა იყო ჩემი ძირითადი თემა, რაზეც FLEX-ის მეორე და მესამე ტურში დავწერე.

მივმართავ იმ ქართველ მოსწავლეებს, რომელთაც მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში ჩართვა სურთ – ფლექსის პროგრამა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნას არ მოითხოვს. მთავარია, საკუთარი აზრის გადმოცემის უნარი გქონდეს. ამიტომ თუ ხარ მე-9, მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლე და გსურს ერთი წელი ამერიკაში უფასოდ იცხოვრო და ისწავლო, აუცილებლად მიიღე ფლექსში მონაწილეობა. დამერწმუნეთ, ის ერთი წელი თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი იქნება.

ვიცი, ალბათ, მშობლებს რთულად მოეჩვენებათ, როგორ უნდა გავუშვა შვილი ერთი წლით ოკეანეს გადაღმაო, მაგრამ დამიჯერეთ, ღირს თქვენი შვილის წარმატებისათვის.

ჩემთვის ოჯახის გვერდში დგომა და გამხნევება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. წელს ერთადერთი ხარაგაულელი გამარჯვებული ვარ და მინდა მომავალ წელს ეს რიცხვი გაიზარდოს.

ფლექსი ჩემთვის ერთი მთლიანი ოჯახია, სადაც სიყვარული, გაგება და მეგობრობა სუფევს. წარმატებებს გისურვებთ ყველას, ვინც ამ კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტთ. დამიკავშირდით ფეისბუქზე, ინსტაგრამზე ან სნაპჩატზე“.

ფოტოზე: სალომე მაჭავარიანი და მისი ამერიკელი „და“ სწავლის დაწყების პირველ დღეს